სინდისის პატიმრების დედები ზურაბიშვილს და ოპოზიციას კონკრეტულ სამოქმედო გეგმას სთხოვენ

სინდისის პატიმრების დედები სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციას კონკრეტულ სამოქმედო გეგმას სთხოვენ. თუ პოლიტიკოსები არ იტყვიან, როგორ წარმოუდგენიათ ტყვეების ციხეებიდან გამოშვება, დედები მოქმედებაზე გადავლენ. არ არის გამორიცხული, ეს ბრძოლა მშობლების ნაწილმა ხვალაც დაიწყოს.
სალომე ზურაბიშვილისგან ნამდვილად არ მინდა, ეს სიტყვები გავიგონო, რომ ჩანიშნეთ ახალი არჩევნები, გაათავისუფლეთ პოლიპატიმრები. ესენი არიან პოლიტიკოსები, ესენი არიან დიპლომატები და უნდა მიიღონ სხვანაირი გადაწყვეტილება, ოღონდ, რა გადაწყვეტილება, ეს მათ უნდა გააჟღერონ. მნიშვნელოვანი. მე არ ვთვლი, როგორც მშობელი, რომ არჩევნებს უნდა დაველოდოთ ჩვენს და აპოლიპატიმრები მერე გათავისუფლდებიან. დედებმა ვთქვით უკვე, რომ გადავწიეთ მეორე პლანზე შვულების საქმეები და ვიწყებთ ბრძოლას სამშობლოს თავისუფლებისთვის. სხვანაირად აღარაფერი გამოდის. საკუთარი ხელისუფლება საქართველოს ასამართლებს, რომ თურმე ომი დაგვიწყია ჩვენ. ეს არის ნიშანი იმის, რომ ჩვენ უნდა დავემონოთ რუსებს და ამას არ ვაპირებთ ნამდვილად, - ამბობს თორნიკე გოშაძის დედა მარიზი კობახიძე.
31 მარტის აქციას, როგორც გარდამტეხს ელოდება საბა სხვიტარიძის დედაც.
31 მარტი აუცილებლად იქნება გარდამტეხი და აუცილებლად გადატეხავს ამ სასატიკ რეჟიმს. იმედია, რომ ჩვენის ეს დაწყებული საქმე აუცილებლად დაგვირგვინდება გამარჯვებით ძალიან მალე.
ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით მოლოდინები არსებობს. ალბათ დასავლელ და ამერიკელი მეგობრები რაღაცას გადაწყვეტენ, - ამბობს საბა სხვიტარიძის დედა ელენე ახობაძე.
სინდისის პატიმარ, ზვიად ცეცხლაძის დედა "ოცნების" ლიდერებს მიმართავს და ჯანსაღი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.
როდემდე უნდა დაბრმავდეთ და დაყრუვდეთ? - ეკითხება ნარგიზ დავითაძე ივანიშვილის რეჟიმს.
მათ ჰგონით, რომ დავიღლებით. არ დავიღლებით! ასე რომ, კეთილი ინებეთ და მიხედეთ ხალხს. წავიდნენ მოლაპარაკებაზე, დანიშნონ არჩევნები და გაათავისუფლონ პოლიპატიმრები. ასე არ შეიძლება, გაგრძელდეს. რამდენ ხანს უნდა დაყრუვდეთ და დაბრმავდეთ? ივანიშვილს არა, მაგრამ კობახიძეს, მდინარაძეს, კალაძეს, პაპუაშვილს, ეს მათი ქვეყანაც ხომაა? მობრძანდით, ჩვენს გვერდით დადექით და თქვით უარი, ერთ კაცს ნუ ხართ გადაყოლილი და დაგვიდექით გვერდით. ერთად გადავარჩინოთ ქვეყანა, - ამბობს ზვიად ცეცხლაძის დედა ნარგიზ დავითაძე.
"დგება ხალხის გაზაფხული" - ასე ჰქვია აქციას, რომელიც ხვალ 20:00 საათზე პარლამენტის შენობასთან დაიწყება. რუსთაველზე შეკრებილებს ევროპული ტურნედან დაბრუნებული სალომე ზურაბიშვილი მიმართავს.