"ვითხოვთ ხელფასების გაზრდას" - რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან ისევ პროტესტია
რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან ისევ პროტესტია. გაფიცული მუშები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების მატებას ითხოვენ. ადმინისტრაცია დასაქმებულებს ეუბნება, რომ ანაზღაურების გაზრდა მხოლოდ 50 ლარით შეუძლიათ. აქციის მონაწილეები კი ამბობენ, რომ ეს დაცინვაა.
მეტალურქგიული ქარხნის თანამშრომლებს, მინიმუმ, 400 ლარით სურთ ხელფასის გაზრდა. საუბრობენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზეც.
ჩვენი მოთხოვნებია ხელფასის და შრომის უსაფრთხოების გაზრდა. ჩვენთან ყოველ წამს შეიძლება, ადამიანი დაშავდეს იქიდან გამომდინარე, რომ ვმუშაობთ ცხელ ფოლადზე, ცხელ რკინაზე და აქედან გამომდინარე ვითხოვ იმის გაუმჯობესებას, რაც ამ ეტაპზეა ცეხშია, - ამბობს გაფიცული მუშა.
კიდევ ერთი გაფიცული მუშა ამბობს, რომ დამსაქმებელი მათ დაშინებას ცდილობს. გაფიცული ამბობს, რომ 10-მდე ადამიანი სამსახურიდან უმიზეზოდ გაუშვეს.
მოუვიდათ მესიჯი, დაახლოებით, ათ ადამიანს, გათავისუფლებული ხართ სამსახურიდანო. სრულიად უმიზეზოდ, არაფერი დაუშავებიათ ამ ადამიანებს. ეს იყო ერთგვარი შანტაჟი და დაშინება. ადმინისტრაცია არ გამოდის კონტაქტზე, რომ დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, - ამბობს პროტესტის მონაწილე.
უკვე მეათე დღეა, რაც რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები გაფიცულები არიან. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტს მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყვეტენ.