“ოცნება“ ღირსი არ არის 9 აპრილის მემორიალთან მოვიდეს- სინდისის პატიმრების დედები
ფართომასშტაბიან აქციამდე რამდენიმე საათი რჩება - საკანონმდებლო ორგანოსთან იმყოფებიან სინდისის პატიმრების დედები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ საკუთარი ბრძოლა აქვთ, რომელსაც აუცილებლად გამარჯვებამდე მიიყვანენ.
ისინი ამბობენ, რომ ისევე როგორც დღეს, 8 აპრილსაც გაათენებენ პარლამენტის წინ, რათა „ოცნების“ წარმომადგენლები “9 აპრილის მემორიალთან“ არ მიუშვან, რადგან, მათი თქმით, “ივანიშვილის გუნდს ამის უფლება არ აქვს.“
24-საათიან პროტესტზე უკვე გადავედით. არ დავთმობთ ქვეყანას, ერთ დღეს დავიბადეთ და ერთ დღეს მოვკვდებით. სულ არ მაინტერსებს ჩემი სიცოცხლე, ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი. სულ არ მინდა ჩემი შვილი ასეთ ქვეყანაში გამოვიდეს, მირჩევნია იქ იჯდეს. ამიტომ, ჯერ ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ და შემდეგ შვილები. ჩვენ გვინდა რომ გავათენოთ, არ გვინდა დაშლა, ასევე 8 -შიც ვათენებთ. დედები ვიქნებით წინა ხაზზე, რობოკოპები წამოვლენ თუ ჭავლი წამოვა, არცერთი ნაბიჯი უკან არა იქნება, გადამივლიან? გადამიარონ. “ქართული ოცნება“ ღირსი არ არის 9 აპრილის მემორიალთან მოვიდეს. რა ძალაც არ უნდა გამოიყენონ, ყველა ძალისთვის მზად ვართ, -ამბობს ზვიად ცეცხლაძის დედა.
სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედა ახალგაზრდებს მიმართავს:
საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ჩვენი შვილების პატიმრობა გვერდზე გადავდეთ და ვიწყებთ ბრძოლას სამშობლოს თავისუფლებისთვის. მე ისევ ვიწყებ თავიდან, საქართველოსთვის ბრძოლას. ეს ადგილი არის სისხლიანი, სადაც რუსის ჯარმა, 9 აპრილს ახალგაზრდები დახოცა, ამიტომ დღეს ისინი რაღაც შოუს მართავენ პარლამენტში და უნდათ ისევ რუსეთში დაგვაბრუნონ, ამას ვერაფრით ეღირსებიან, ხმამაღლა ვიტყვით იმ ახალგაზრდებს, ვინც მაშინ არ იყავით დაბადებულები, რომ ეს ომი ახლა თქვენ უნდა მოიგოთ, ჩვენ კი გაგიმაგრებთ ზურგს, - ამბობს მარიზი კობახიძე.