დავა ნაკელის გამო - როგორ მოუგო ლაშა პაპაშვილმა 4,7 მილიონი ლარი ბიზნესმენს, რომელიც რეჟიმს აკრიტიკებდა

01.04.25 18:05
დავა ნაკელის გამო - როგორ მოუგო ლაშა პაპაშვილმა 4,7 მილიონი ლარი ბიზნესმენს, რომელიც რეჟიმს აკრიტიკებდა

კომპანია "ჩირინას" ხელმძღვანელის, რევაზ ვაშაკიძის წინააღმდეგ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. საქმე ეხება ლაშა პაპაშვილთან დავას, რომელიც წლების განმავლობაში უძრავად იყო.

  • დავა პაპაშვილის და ვაშაკიძის კომპანიებს შორის, რომელსაც სამი წელი უშედეგოდ განიხილავდა რუსთავის სასამართლო, 2024 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაჩქარებულად განიხილა და დეკემბერში პაპაშვილის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა.

პეროევროპულ აქციებზე აქტივისტების სასტიკი და სისხლიანი ანგარიშსწორების შემდეგ ვაშაკიძე გომელაურის გადადგომას ითხოვდა, რადგან თვლიდა, ახალგაზრდების დარბევა არასწორი ქმედება იყო და ქვეყანას დასავლურ კურსს დააშორებდა.

  • დავა ოცნებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, ლაშ პაპაშვილმა დაიწყო.  პაპაშვილს ნედლი რძის მწარმოებელი კომპანია აქვს, ის ყიდულობდა ქათმის ნაკელს ვაშაკიძის მეფრინველეობის ქარხნიდან, თუმცა მოულოდნელად  "ჩირინას" ხელმძღვანელს უჩივლა და ამტკიცებდა, რომ  ნაკელი ისეთ ნივთიერებებს შეიცავდა, რომელმაც რძე გაუფუჭა, საქონელი კი დაუხოცა.

პაპაშვილი ვაშაკიძისგან ზარალის სახით დაახლოებით 5 მლნ ლარის ანაზღაურებას ითხოვდა. 

რუსთავის რაიონულმა სასამართლომ პაპაშვილს მოთხოვნა სრულად არ დააკმაყოფილა და ვაშაკიძეს 5 მლნ-ის ნაცვლად, მხოლოდ 65 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. დავა სააპელაციოში გაგრძელდა, რომელმაც რუსთავის რაიონულ სასამართლოს საქმის წარმოება უკან დაუბრუნა, თუმცა პაპაშვილმა ამ ინსტანციაში დავა შეწყვიტა. ამის შემდეგ ბიზნესმენმა საქმე უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოში შეაბრუნა. 

მოსამართლე, რომელმაც "ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ლიანა კაჟაშვილია. ყოფილი მოსამართლეები და მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული მოსამართლის მიმართ მიკერძებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდა.