48-საათიანი პატიმრობა დასრულებულია-გელა ხასაია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
48-საათიანი პატიმრობა დასრულებულია - გელა ხასაია თავისუფალია. სამოქალაქო აქტივისტი წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან დროებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მას გომელაურის უწყება პოლიციიის დაუმორჩილებლობას ედავება.
გელა ხასაია მისი დაკავების რეალურ მიზეზს ვერ ხვდება და ამბობს, რომ ის, თითქოს, მისი ვინაობა არ იცოდნენ, უკანონო დაკავების გასამართლებლად სჭირდებათ.
ვერ გავიგე, რატომ ვიყავი დაკავებული, და რისთვის ვიყავი 48 საათი წინასწარი მოთავსების იზოლატორში, ვერც ის გავიგე, რატომ მიმიყვანეს 2 საათით ადრე საქალაქოში. შემდეგ მითხრეს, რომ ჩემი პატიმრობის ვადა ამოიწურა და უნდა გავსულიყავით ეზოში, ეზოში ასევე ველოდებოდით ხელწერილის ფურცელს, რომელიც პოლიციელებს თან არ ჰქონდათ. შემდეგ მითხრეს მიზეზი, რომ ჩემი დამკავებელი პოლიციელი შეუძლოდაა და ამიტომ, სასამართლო პროცესი ვერ ტარდება. ერთ-ერთმა პოლიციელმა, დაკავებისას, სახელით მომმართა, ბატონო გელა, თუ შეიძლება გაჩერდითო, ვინაიდან, მან ჩემი სახელი იცოდა, შეუძლებელი იყო ვერ მოეხდინა ჩემი იდენტიფიცირება, შესაბამისად, ეგ არის მიზეზი, რომ უკანონოდ დაკავება გაამართლონ, თორე ძალიან კარგადაც იცოდნენ, ვინც ვიყავი, -ამბობს ხასაია.
ადვოკატის თქმით, 48-საათიანი ვადა გავიდა და შესაბამისად, მისი დაყოვნება მეტი დროით აღარ შეეძლოთ.
გავიდა 48 -საათიანი ვადა და უბრალოდ არ შეეძლოთ მეტი ხანი დაეყოვნებინათ. მე არ ვიცი, რატომ ვერ მოასწრეს საქმის შემოტანა, თუმცა ბოლომდე გამოიყენეს 48 საათი. გელა ხასაია ახლა თავისუფალია და ველოდებით, პროცესის ჩანიშვნის შესახებ გაგვაგებინონ. ჩვენი ინფორმაციით არის 173-ე მუხლი, თუმცა დაუმორჩილებლობას რეალურად ადგილი არ ჰქონია, - აცხადებს თეონა ზაქარაშვილი.
აქტივისტი გელა ხასაია პარლამენტთან ძალის გამოყენებით 31 მარტს დააკავეს.