2019 წლიდან კვების რაციონში ქათმის ნარჩენები აღარ გამოგვიყენებია - "ყვარლის ბაგა"

02.04.25 21:44
2019 წლიდან კვების რაციონში ქათმის ნარჩენები აღარ გამოგვიყენებია - "ყვარლის ბაგა"

"ყვარლის ბაგა" მომხმარებელთა მაღალი ინტერესიდან გამომდინარე განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ 2019 წლიდან კვების რაციონში ქათმის ნარჩენები აღარ გამოუყენებია.

2019, წელს შპს „ჩირინასთან“ თანამშრომლობა შეწყდა და შპს „ყვარლის ბაგას“ კვების რაციონში ქათმის ნარჩენები აღარ გამოყენებულა"- აღნიშნულია განცხადებაში.

მათი თქმით, წუნდებული რძე არ ჩაშვებულა არც შპს "ყვარლის ბაგასა" და არც სხვა რომელიმე შემსყიდველი კომპანიის წარმოებაში.

TV PIRVELI.GE განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

მომხმარებელთა მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია.

შპს "ყვარლის ბაგა“ 2014 წლიდან ყოველდღიურად აწვდის ნედლ რძეს „სანტეს“ (რძის პროდუქტების გადამამუშავებელი მსოფლიო გიგანტის, „ლაქტალისის“, შვილობილი კომპანია). მოგვიანებით, მყიდველთა სიას დაემატნენ „სოფლის ნობათი“ ,(კვების ინდუსტრიაში მომუშავე ამერიკული უმსხვილესი კომპანიის, „პეპსიკოს“ შვილობილი), „აგროჰაბი“ (ყველასთვის კარგად ნაცნობი ადგილობრივი ბრენდი) და „რძის ლაბორატორია“ (არანაკლებ პოპულარული ადგილობრივი ბრენდი).

ყველა, ზემოთ ჩამოთვლილ კომპანიასთან დღემდე გრძელდება თანამშრომლობა და თითოეული დაადასტურებს (ლაბორატორიულადაც) შპს „ყვარლის ბაგას“ მიერ მოწოდებული ნედლი რძის უმაღლეს ხარისხს. უფრო მეტიც, ჩვენ ვამაყობთ და მრავალი უცხოელი ექსპერტიც აღნიშნავს, რომ შპს „ყვარლის ბაგას“ რძის ხარისხი აღემატება ბევრი დასავლური, ქვეყნის, მწარმოებლის რძის ხარისხს.

2015-2020 წლებში შპს „ყვარლის ბაგას“ მართავდა ისრაელიდან მოწვეული ვეტერინარიის პროფესორი, რომლის გადაწყვეტილებით, ისრაელში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით 2018 -2019 ფერმის კვების რაციონს დაემატა გადამუშავებული ქათმის ნარჩენი. აღსანიშნავია, რომ ეს იყო საკვებ-დანამატი (მაღალი ხარისხის პროტეინის წყარო) და არა ძირითადი ინგრედიენტი.

ქათმის ნარჩენების ძროხის საკვებ დანამატად გამოყენების დასაშვებობას ადასტურებს ცხოველთა კვების რესურსების ონლაინ მონაცემთა ბაზაც იხილეთ ლინკი: https://www.feedipedia.org/node/66

ანტიბიოტიკების კვალის აღმოჩენისთანავე, დავიწყეთ მოკვლევა და დამოუკიდებელი ლაბორატორიების (როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო) მიერ მოწოდებული დასკვნის მიღებისთანავე, რომლითაც დადასტურდა შპს „ჩირინას“ პროდუქციაში ანტიბიოტიკის არსებობა, 2019, წელს შპს „ჩირინასთან“ თანამშრომლობა შეწყდა და შპს „ყვარლის ბაგას“ კვების რაციონში ქათმის ნარჩენები აღარ გამოყენებულა.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ წუნდებული რძე არ ჩაშვებულა არც შპს "ყვარლის ბაგას" და არც სხვა რომელიმე შემსყიდველის წარმოებაში, იგი განადგურებულ იქნა და სწორედ რძის დანაკარგით და მეურნეობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს შპს "ყვარლის ბაგა" შპს "ჩირინასგან“.

„ყვარლის ბაგა“ ღიაა კომუნიკაციისთვის და მზად არის ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია", - წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები