სანქციებს გაგრძელება ექნება - ლომჯარია
დიდი ბრიტანეთის მიერ ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პირველ კომენტარს აკეთებს.
"საქართველოს ევროპული ორბიტის" აღმასრულებელი დირექტორი ფიქრობს, რომ ბრიტანეთის მიერ კლანის წევრებად აღიარებული მოსამართლეების შავ სიაში შეყვანა ევროპის სხვა ქვეყნებისთვის იქნება მაგალითი, რომ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენონ, რათა პოლიტიკური სარჩელით გადაწყვეტილების მიმღებ პირებს გარკვეული ტიპის შეზღუდვები დაუწესდეს.
"ანტიდემოკრატიული კანონების აღსრულება და სისრულეში მოყვანა გამოიწვევს კიდევ უფრო მეტი მექანიზმების გამოყენებას მეტი ადამიანის მიმართ" - აცხადებს მესამე სექტორის წარმომადგენელი "ტვ პირველის" ეთერში.
ამ შემთხვევაში სანქციების მიზეზი გახდა ორი პირის კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობა. შეგახსენებთ, რომ მურუსიძე იყო უკვე დასანქცირებული ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ასევე კორუფციის მხრიდან. მას ასევე შეზღუდული აქვს ამერიკაში ჩასვლა. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს გაგრძელება ექნება. მთავარი საკითხი იყო დაიწყებდნენ თუ არა სანქციების გამოყენებას ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, აშშ. მაგრამ როდესაც ეს დაიწყეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, აყვა გერმანია, ჩეხეთი, ბრიტანეთი, ეს სხვა ევროპული ქვეყნებისთვის იქნება მაგალითი. უკვე მალე ამოქმედდება ანტიდემოკრატიული, ავტოკრატიული კანონები. ამის სისრულეში მოყვანა გამოიწვევს კიდევ უფრო მეტი მექანიზმების გამოყენებას მეტი ადამიანის მიმართ." - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ბრიტანეთმა კლანის წევრებად აღიარებული მოსამართლეები, ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე დაასანქცირა. ჩინჩალაძე-მურუსიძე გლობალური ანტიკორუფციული სანქციების ფარგლებში მოექცნენ. შესაბამისად, სანქცირებულ მოსამართლეებს ბრიტანეთის ტერიტორიაზე, მათ კუთვნილებაში არსებული ყველა სახის ქონება, მათ შორის, ფინანსური ანგარიშები გაეყინებათ.