"პარტნიორები ხედავენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის საფუძველი სასამართლო ხელისუფლებაა"- კოპალეიშვილი ბრიტანეთის სანქციებზე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძის დასანქცირებას "ტვ პირველის" ეთერში ეხმაურება.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება დასტურია იმისა, რომ საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რომ ქვეყანაში "დემოკრატიის უკუსვლის საფუძველთა საფუძველი სასამართლო ხელისუფლებაა".
"ჩვენ დღეს არ ვიქნებოდით ამ მდგომარეობაში, რომ არა სასამართლო ხელისუფლების ის მოქმედებები, რომელსაც ისინი "ქართული ოცნების" დაკვეთით ჩადიან" - აცხადებს კოპალეიშვილი.
მნიშვნელოვანი გზავნილი იყო დღეს, რაც სწორედ სასამართლოში გაძლიერებული მოსამართლეთა კლანის წინააღმდეგ იქნა მიღებული. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები და მეგობრები კარგად ხედავენ, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის საფუძველთა საფუძველი არის სასამართლო ხელისუფლება. ჩვენ დღეს არ ვიქნებოდით ამ მდგომარეობაში, რომ არა სასამართლო ხელისუფლების ის მოქმედებები, რომელსაც ისინი ჩადიან "ქართული ოცნების" დაკვეთით და "ქართული ოცნების" იმ პირთა დაკვეთით, რომლებიც მოკალათებულნი არიან ხელისუფლებაში და უზურპირებული აქვთ ხელისუფლება.
ჩვენ დავინახეთ, რომ სწორედ სასამართლო ხელისუფლების მოქმედებებით არის ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა. ქვეყანაში არ ხდება ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენ ყოველ დღე ვრწმუნდებით ამაში. ჩვენ გვყავს 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი, რომლებიც სრულიად უკანონოდ სხედან ციხეებში და ჩვენთან არ სრულდება კანონის უზენაესობა", - ამბობს მაია კოპალეიშვილი.
ბრიტანეთმა კლანის წევრებად აღიარებული მოსამართლეები, ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე დაასანქცირა. ჩინჩალაძე-მურუსიძე გლობალური ანტიკორუფციული სანქციების ფარგლებში მოექცნენ. შესაბამისად, სანქცირებულ მოსამართლეებს ბრიტანეთის ტერიტორიაზე, მათ კუთვნილებაში არსებული ყველა სახის ქონება, მათ შორის, ფინანსური ანგარიშები გაეყინებათ.