"ოცნება" 9 აპრილის იდეას უპირისპირდება - ვინ უერთდება სინდისის პატიმრების მშობლების აქციას
ქართული საზოგადოება მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადება - სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების მიერ 8 აპრილს დაანონსებულ პროტესტში მონაწილეობას თავად რეჟიმის ტყვეების ნათესავები, სტუდენტები, პოლიტიკოსები, ხელოვანები და რიგითი ადამიანები მიიღებენ.
9 აპრილიდან 36 წლის თავზე მოქალაქეები კვლავ ფიქრობენ, რომ დღეს საქართველო ისევ იმ საფრთხეების წინაშე დგას, როგორც ეს 1989 წელს იყო.
ბექა კობახიძე ამბობს, რომ 8-9 აპრილს რუსთაველის გამზირი გადაჭედილი უნდა იყოს და თავისუფლებისთვის მებრძოლმა ადამიანებმა ივანიშვილის რეჟიმს ქვეყნის რუსეთისთვის მიბარებაზე უარი უნდა განუცხადოს.
ტრაგიკული 9 აპრილიდან 36 წლის შემდეგ, ქართველი ხალხი, საქართველოს ახალგაზრდობა ისევ იმ მიზნებისთვის იბრძვის და იმ საფრთხეების წინაშე დგას, როგორც აქამდე. ამიტომ შეუძლებელი არის, რომ 8-9 აპრილის ღამეს რუსთაველი შეხვდეს ცარიელი და არ შეხვდეს ხალხმრავალი აქციით. ის სინდისის პატიმრები, რომლებიც ცოცხლები არიან, არიან იდეური მემკვიდრეები იმ ხალხისა, ვინც 9 აპრილს იქ იდგა და შეეწირა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივა სინდისის პატიმრების მშობლებისგან მოდის". - განაცხადა პოლიტიკოსმა.
8-9 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდება რეჟისორი დათა თავაძეც. როგორც ის "პირველებთან" აცხადებს, "ქართული ოცნება" 9 აპრილის ღირებულებას უპირისპირდება, რომლის დასაცავადაც 36 წლის წინ, ახალგაზრდებმა სიცოცხლეც კი გაწირეს.
სწორედ ის ბრძოლის მაგალითი, უკანდაუხევლობის მაგალითი, თავგანწირვის მაგალითი, რომელიც 9 აპრილს ახლავს, არ შეიძლება, რომ ამ რეჟიმმა გარყვნას მაგალითად მონუმენტზე ყვავილების დაწყობის, ან სანთლის ანთების ფარსით. ისინი 9 აპრილის იდეას დაუპირისპირდნენ, ისინი სწორედ იმას დაუპირისპირდნენ, რომელსაც ხალხი 9 აპრილს შეეწირნენ და რისთვისაც იბრძოდნენ. მათ არ აქვთ უფლება, მიუახლოვდნენ 9 აპრილის მონუმენტს. სწორედ ვინ უნდა იცავდეს მონუმენტს, თუ არა სინდისის პატიმრების მშობლები". - განაცხადა დათა თავაძემ.
ტელეწამყვანი დათო გორგილაძე კი მიიჩნევს, რომ თითოეულმა ადამიანმა კარგად უნდა გააცნობიეროს ის რისკები, რომლის წინაშეც ახლა საქართველო დგას და ქვეყნის მომავლის დასაცავად ქუჩაში როგორც 8-9 აპრილს, ასევე სხვა ნებისმიერ დღესაც უნდა გამოვიდეს.
"ქართული ოცნება" ყველაფერს, რასაც აკეთებს და რასაც გააკეთებს არის მიმართული იმისკენ, რომ ამ ქვეყანაში დაამყაროს დიქტატურა, ავტოკრატია. ჩვენ ამასთან გვაქვს საბრძოლველი. ბრძოლის ხაზი გადის იმაზე, თუ რამდენი ადამიანი გააცნობიერებს ამ საფრთხეს და გამოხატავს პროტესტს. ქუჩაში ყოფნა, იქნება ეს 8 აპრილის აქცია, თუ ყოველდღიური აქციები, არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი". - განაცხადა დათო გორგილაძემ.
ცნობისთვის, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან. მათი თქმით, 8 აპრილს გმირთა მემორიალთან შეიკრიბებიან და ღამეს გაათენებენ.