,,ქართული ოცნება" მოძალადეებსა და ზონდერებს მწვანე შუქს უნთებს - ოპოზიცია

24.09.21 13:25
,,ქართული ოცნება" მოძალადეებსა და ზონდერებს მწვანე შუქს უნთებს - ოპოზიცია

,,ქართული ოცნება" მწვანე შუქს უნთებს არაფორმალურ, მოძალადე ჯგუფებს და არ იცავს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს. ხელისუფლების ოპონენტები ასევე ამბობენ, რომ მმართველი პარტიის თავდამსხმელთა რაზმის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო უძლური იყო. 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გუშინ მათ წინააღმდეგ და საკუთარი რეპუტაციის აღსადგენად ხელისუფლებამ ზონდერ ჯგუფები გამოიყვანა, რომელთაც შსს მწვანე შუქს უნთებს. ოპონენტებს არ გაკვირვებიათ გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, როცა გომელაურის უწყებამ ევროკავშირის ოფისს უარი უთხრა ოფისის წინ შეკრებილი ხალხის დაცვაზე.

,,დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, მიიჩნევს, ეს პოლიტიკური სკანდალი და ადამიანის უფლებათა კონვენციის უხეში დაღვევაა.

ამას ლაპარაკიც არ უნდა, რომ შსს მწვანე შუქს უნთებს მოძალადეებს. როცა ელჩი გეუბნება, უზრუნველჰყავი უსაფრთხოება და შენ ამაზე უარს ეუბნები, ეს არის წარმოუდგენელი სკანდალი და ყველანაირი კონვენციის დარღვევა. 

ჩვენ პირველივე წუთიდან მზად ვიყავით, გამოვსულიყავით, მაგრამ ანგარიში გავუწიეთ საელჩოს, კომუნიკაციის შედეგად ელჩმა მიიღო უსაფრთხოების დაცვაზე უარი, ეს არის პოლიტიკური განაცხადი, რომ ევროკავშირის საელჩო და ელჩი არის ,,ქართული ოცნებისთვის მტრული ორგანიზაცია- ამბობს ელენე ხოშტარია.

,,ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია, ქვეყნის დაღმასვლაზე საუბრობს.

სანამდე მივიდა ეს ქვეყანა, როცა დიპლომატები შსს-ს სთხოვენ, რომ აქ ინციდენტი არ უნდა მოხდეს და პოლიცია არც ზომებს იღებს და გარანტიასაც არ აძლევს, რომ იქ არაფერი მოხდება?! - ამბობს გიგა ბოკერია.