საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ კვლავ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს
8 მომხრე 3 წინააღმდეგი - ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ კვლავ, 6 წლის ვადით აირჩიეს.
ვასილ მაღლაფერიძე, რომელსაც პირველი არხიდან გათავისუფლებული თანამშრომლები "ქართული ოცნების" პოლიტიკის გატარებაში ამხელენ, საბჭოს თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი იყო. მისი კანდიდატურა ბონდო მძინარაშვილმა წარადგინა.
საკუთარ კანდიდატურას მხარი თავად ვასილ მაღლაფერიძემაც დაუჭირა.
მე არ ვხსნი ჩემს კანდიდატურას და ამით პატივისცემას გამოვხატავ კოლეგების მიმართ, მეც მივცემ საკუთარ თავს ხმას, რომ არ დავიმალო ბუჩქებში და არ გამოვიდეს, რომ „იცი, რა ხალხის თხოვნით არის“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
საბჭოს წევრები, რომლებმაც ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს, ლაშა ტუღუში, ლიკა ბასილაია-შავგულიძე და ზაზა აბაშიძე არიან.
დახურულ კარს მიღმა გამართულ სხდომაზე ლაშა ტუღუშმა განაცხადა, რომ ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურა მისთვის მიუღებელი იყო, რადგან ტუღუშის განმარტებითვე, მაღლაფერიძე საბჭოს ის თავმჯდომარეა, რომელიც კრიტიკული მოსაზრებების შეზღუდვით არის დაკავებული.
მე არ მახსენდება ამ 3 წლის განმავლობაში ერთი თქვენი მოსაზრება და კრიტიკული შენიშვნა ადმინისტრაციის მისამართით. თქვენ ყველანაირად ცდილობდით, რომ ბორდის ფილტრაციას და მაქსიმალურად შეგეზღუდათ კრიტიკული მოსაზრებები. ეს სტილი ჩემთვის მიუღებელია, ამიტომაც ვერ დაგიჭერთ მხარს“, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
ლიკა ბასილაია-შავგულიძემ, რომელმაც ასევე უარი თქვა ვასილ მაღლაფერიძისთვის ვადის გაგრძელებაზე, განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე არხზე რუსული პროპაგანდის გამტარებელია.
ბატონ მაღლაფერიძეს არავითარ შემთხვევაში არ დავუჭერ მხარს. ის აწარმოებს საზოგადოებრივ არხზე რუსულ პროპაგანდას პერმანენტულ რეჟიმში. ღირსებით ატარებთ რუსულ რეგალიებს" - განაცხადა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ.
კენჭისყრის პროცედურის პარალელურად, პირველი არხის შენობის გარეთ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. პროტესტის რეჟიმში გადასული მოქალაქეები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძის მეორე ვადით დანიშვნას ხმაურით შეხვდნენ.
"სირცხვილი, სირცხვილი" - სკანდირებდნენ პირველი არხის შენობასთან შეკრებილები.