"თბილისის უძრავი ქონება" წულუკიანის კომისიის ბრალდებებს პასუხობს

შპს "თბილისის უძრავი ქონება" წულუკიანის კომისიაზე გაჟღერებულ ბრალდებებს განცხადებით პასუხობს - კომპანია წერს, რომ კომისიაზე დღეს გამოკითხულმა რამაზ ახვლედიანმა ჯერ კიდევ 2015 წლის თებერვალში მიმართა სასამართლოს, დავა წლების განმავლობაში გაგრძელდა და საბოლოოდ, შპს "თბილისის უძრავი ქონების" გამარჯვებით დასრულდა.
კომპანია აღნიშნავს, რომ უზენაესმა სასამართლომ, ისევე როგორც ყველა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, არ გაიზიარა ბატონი რამაზ ახვლედიანის არგუმენტები და მას უარი ეთქვა თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებმა პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, რაც შეიძლება საზოგადოებას ჰქონოდა აღნიშნულ საკითხთან მიმართებით.
TVPIRVELI.GE გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
შპს „თბილისის უძრავი ქონება“ ბატონი რამაზ ახვლედიანის მიერ საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე გაჟღერებულ განცხადებებს ეხმიანება და სურს აცნობოს საზოგადოებას, რომ ბატონმა რამაზ ახვლედიანმა თავისი უფლებების თაობაზე 2015 წლის თებერვალში მიმართა სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით. უსაფუძვლო დავა შპს „თბილისის უძრავი ქონების“ წინააღმდეგ რამდენიმე წელი გრძელდებოდა და კომპანიის გამარჯვებით დასრულდა. საბოლოო გადაწყვეტილება კომპანიის სასარგებლოდ, უზენაესმა სასამართლომ 2025 წლის 6 თებერვალს მიიღო.
აღსანიშნავია, რომ უზენაესმა სასამართლომ, ისევე როგორც ყველა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, არ გაიზიარა ბატონი რამაზ ახვლედიანის არგუმენტები და მას უარი ეთქვა თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
ბატონმა რამაზ ახვლედიანმა გამოიყენა ყველა სამართლებრივი ბერკეტი საკუთარი უფლებების დასაცავად. ზემოხსენებულმა სასამართლო გადაწყვეტილებებმა პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, რაც შეიძლება საზოგადოებას ჰქონოდა აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში." - წერია განცხადებაში.