"შეიძლება ადამიანს ღვიძლის ციროზი, ან ღვიძლის კიბო განუვითარდეს" - ექსპერტები აფლატოქსინის საფრთხეებზე ალაპარაკდნენ
"სოფლის ნობათის" რძის ნიმუშებში აფლატოქსინის აღმოჩენის შემდეგ, დარგის სპეციალისტები და მედიკოსები მოსალოდნელ საფრთხეებზე ალაპარაკდნენ - გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ექსპერტი, მიხეილ სოხაძე "პირველებთან" ამბობს, რომ აფლატოქსინი გარკვეული სახის სოკოების მიერ გამომუშავებული ტოქსინია, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის მძიმე შედეგებს იწვევს.
მიხეილ სოხაძის განმარტებით, აფლატოქსინის დიდი ოდენობით მოხმარება შესაძლოა, სიმსივნის მაპროვოცირებელი გახდეს. ყველაზე კარგ შემთხვევაში კი, სოხაძის განცხადებით, ქიმიური ნივთიერების მიღებას ორგანიზმის ინტოქსიკაცია შეუძლია.
გარკვეული სახის სოკოების მიერ გამომუშავებული ტოქსინია, რომელიც მძიმე შედეგებს იწვევს ადამიანში. ის გახლავთ კანცეროგენი, მიტოგენი. ის გარკვეული მუტაციური ცვლილებების გამომწვევი მიზეზიც შეიძლება გახდეს. მისი დიდი რაოდენობით მიღება იწვევს მოშხამვას. აღნიშნული კანცეროგენი გახლავთ საკმაოდ მძიმე შედეგების მომტანი. მისი მუდმივი და ხშირი მოხმარება გარკვეულ კონცენტრირებას ახდენს ორგანიზმში და ეს უკვე იწვევს მუტაციურ ცვლილებებს, რაც სხვადასხვა სიმსივნის მიზეზი ხდება. თუ დიდი რაოდენობით იქნება მიღებული მოკლე პერიოდში, ადამიანის ორგანიზმის ინტოქსიკაციას იწვევს." - განაცხადა მიხეილ სოხაძემ.
კლინიკა "ნეოლაბის" კლინიკური განყოფილების გამგე, მაია ბუწაშვილი კი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი აფლატოქსინს ნაკლები დოზით, თუმცა ხანგრძლივად მიიღებს, მაშინ ქიმიურ ნივთიერებას ღვიძლის დაზიანება, კონკრეტულად ღვიძლის კიბოს, ან ღვიძლის ციროზის გამოწვევა შეუძლია.
მაია ბუწაშვილი აცხადებს იმასაც, რომ აფლატოქსინი ორსულებისთვისაც საშიშ ნივთიერებას წარმოადგენს. მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ფეხმძიმე ქალის ორგანიზმში სოკოების მიერ გამომუშავებული ტოქსინი აღმოჩნდა, ნაყოფის განვითარების კუთხით პრობლემებს შექმნის.
შეუძლია გამოიწვიოს სიმსივნის განვითარება. მას არ შველის მარცვლეულის შემთხვევაში გამოცხობა, რძის შემთხვევაში ადუღება. თერმული დამუშავებით ვერ ნეიტრალდება. თუ ორსულმა მიიღო, შეიძლება ნაყოფის განვითარებაზე პრობლემები შექმნას. თუ მეძუძურმა დედამ მიიღო, შეიძლება მოხდეს დედის რძეშიც. გამოცხადდა, რომ ეს საკვები ამოღებული იქნას მიმოქცევიდან. ეს ნიშნავს, რომ ის დოზებია ნაპოვნი, რომელიც ადამიანის ორგანიზმზე მავნე ზემოქმედებას იწვევს.
თუ მაღალი დოზით მოხდება ადამიანის ორგანიზმში ერთჯერადად, გამოიწვევს მწვავე ინტოქსიკაციას. თუ ნაკლები დოზებით ხანგრძლივი გამოყენება ხდება, ამ დროს შეიძლება სიმპტომების გარეშე მოხდეს ღვიძლის დაზიანება. შეიძლება ადამიანს ღვიძლის ციროზი, ღვიძლის კიბო ისე განუვითარდეს, რომ არც იცოდეს, რომ იყო ამ ტოქსინის ზემოქმედების ქვეშ. ხანგრძლივი დროის განმავლობაში თუ ადამიანი მუდმივად განიცდის ექსპოზირებას ამ ტოქსინის მიმართ, მაშინ გარკვეული კონტროლი უნდა ჩაიტარონ ღვიძლის ჯანმრთელობის შესაფასებლად". - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.