თაღლითობა სუროგატი დედების სახელით - დაკავებულია ერთი პირი

04.04.25 10:50
თაღლითობა სუროგატი დედების სახელით - დაკავებულია ერთი პირი

თაღლითობა სუროგატი დედების სახელით - შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 1991 წელს დაბადებული ა.კ. დააკავეს.

აღნიშნულ ამბავზე ერთი კვირის წინ საგამოძიებო რეპორტაჟი მოამზადა"შაბათის ეთერმა" .

  • "შაბათის ეთერს" დაზარალებულები უყვებიან, რომ ანჟელა კვარაცხელიას  და მის ქმარს  ემიგრანტმა ოჯახმა სამასი ათასს ლარზე მეტი ჩაურიცხა.
  • უშვილო წყვილმა ეს თანხა პოლონეთიდან და იტალიიდან თბილისში აგზავნა იმ იმედით, რომ სუროგატი დედის დახმარებით, შვილი ეყოლებოდათ, მაგრამ როგორც თავად ამბობენ, დიდი რაოდენობით თანხა მოტყუებით წაართვეს. 

საქმეზე ჩატარებული მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა რომ, დაზარალებულ ცოლ-ქმარს სურდათ, სუროგაციის გზით ჰყოლოდათ შვილი, რისთვისაც მათთვის ნაცნობ ა.კ.-ს დაუკავშირდნენ.
შეთანხმებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბრალდებულმა ისარგებლა მათი ნდობით, უთხრა, რომ მოიძია ორი სუროგატი დედა, დაარწმუნა რომ დაიბადნენ მდედრობითი სქესის ახალშობილები, რომლებსაც შეექმნათ ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც დამატებით, ვითომდა მათი მკურნალობის მიზნით გამოსძალა დიდი ოდენობით თანხა.

ზარალმა ჯამში 310 ათასი ლარი და 15 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

მსგავსი სიახლეები