ცესკოს ცვლილებით, არჩევნებზე "კარუსელის" აღმოჩენა შეუძლებელი გახდება - ნინო დოლიძე
გუშინ, ცესკომ დადგენილებით ცვლილებები მიიღო, რომელიც ზღუდავს კენჭისყრის სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობას, - ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” თავმჯდომარე, ნინო დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ნინო დოლიძე აღნიშნავს, ამ ცვლილებების მიხედვით, დამკვირვებლები ვეღარ შეძლებენ აღმოაჩინონ პირები, რომლებიც სხვის ნაცვლად ცდილობენ ხმის მიცემას.
„გუშინ, ცესკომ დადგენილებით ცვლილებები მიიღო, რომელიც ზღუდავს კენჭისყრის სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობას. განსაკუთრებით პრობლემურია შემდეგი - კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერ პირს, ეკრძალება ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა.
ამ ცვლილებით, დამკვირვებლები ვეღარ შეძლებენ აღმოაჩინონ პირები, რომლებიც სხვის ნაცვლად ცდილობენ ხმის მიცემას (ე.წ. “კარუსელი”), რაც არჩევნების გაყალბების ერთ-ერთ მთავარ მეთოდს წარმოადგენს“, - წერს ნინო დოლიძე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც.
ცესკო ირწმუნება, რომ სამართლებრივ აქტში რამდენიმე პროცედურა დაზუსტდა.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე ხუთი თვე რჩება. საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ორგანიზებისათვის.
ამ მიზნით შესაბამის სამართლებრივ აქტში დაზუსტდა რამდენიმე პროცედურა. კერძოდ, ელექტრონული ტექნოლოგიებით კენჭისყრის ჩატარებისას, საარჩევნო კოდექსითა და დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერი პირის მიერ:
ა) კენჭისყრის ოთახში ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება;
ბ) ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა;
გ) ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კოდექსი ყოველთვის კრძალავდა ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას და/ან გამჟღავნებას, რასაც ადასტურებს კანონის თანახმად ამომრჩევლის სიების ორი ვერსიის არსებობა:
ერთი, სიის საჯარო ვერსია, რომელიც გაიცემა ყველა დაინტერესებულ უფლებამოსილ მხარეზე და მეორე, საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ვერსია - ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიები ამომრჩეველთა ყველა პერსონალური მონაცემების ჩათვლით. ეს უკანასკნელი ვერსია არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და შესაბამისად, მისი გადაღება ან სხვაგვარი დამუშავება კანონით აქამდეც აკრძალული იყო.
დამკვირვებელთა უფლებებიც სრულადაა გაწერილი საარჩევნო კოდექსის 41-ე მუხლით და არცერთი აღნიშნული უფლება ცესკოს დადგენილებით არ შეუზღუდავს და ვერც შეზღუდავდა. ცესკომ მხოლოდ დააზუსტა კენჭისყრის პროცედურები ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემებისა და გაკეთებული არჩევანის გამჟღავნებისგან დაცვის მიზნით.
როგორც ჩანს, ხსენებული დადგენილების კრიტიკოსები კარგად არ იცნობენ მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებს ან შესაძლოა, მიზანმიმართულად ცდილობენ მათ დამახინჯებულ ინტერპრეტაციას. სხვაგვარად, რთულია აიხსნას ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის, მათ მიერ რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების შეზღუდვად გასაღების ეს მცდელობა. ასევე, ზოგადად, გასულ არჩევნებზე, მათი მხრიდან გამოწვეული არაერთი ინციდენტი საარჩევნო პროცედურებზე დაკვირვების, ფოტოვიდეოგადაღებისა და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის კანონის დარღვევის კუთხით.
აშკარაა, რომ სამწუხაროდ, საქმე გვაქვს არა საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე ზრუნვასთან, არამედ უკვე კარგად ნაცნობ გეგმასთან, როდესაც პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები სოციალურ ქსელში ავრცელებენ დეზინფორმაციას, იმ მიზნით რომ შემდეგ ეს თემა განავრცოს და გაავრცელოს ზოგიერთმა მიკერძოებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და მედიასაშუალებამ, საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისთვის.
საარჩევნო ადმინისტრაცია ზედმიწევნით იცავს და მომავალშიც დაიცავს კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას და არ მისცემს არავის უფლებას, შეცდომაში შეიყვანოს ამომრჩეველი და დაამკვიდროს მანიპულაციური აღქმები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში.