დაადებენ თუ არა ხელბორკილებს Kinderly-ის შეფებს? - სუროგატი დედები გამომძიებლების კითხვებს პასუხობენ
დაადებენ თუ არა ხელბორკილებს თაღლითობაში მხილებულ რეპროდუქციული მედიცინის სააგენტოს "ქინდერლის" შეფებს? - 3 საათზე მეტია, რაც დიღმის მთავარ სამმართველოში სუროგატი დედები გამომძიებლების კითხვებს პასუხობენ. საზღვარგარეთიდან ბავშვების გასაჩენად, საქართველოში ჩამოყვანილი ქალები ამტკიცებენ, რომ კონტრაქტორმა კომპანიამ ვალდებულებები დაარღვია და დაპირებული თანხა არ გადაუხადა.
იურისტის თქმით, დაზარალებული ქალების რაოდენობა ყოველწუთიერად იზრდება. უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ ამ დროის მონაცემებით, 40-მდე სუროგატმა ბავშვი გააჩინა, ხოლო 75 ქალი მომლოდინეა.
დღეს ორი გოგონა გამოიკითხება და ესე ყოველთვიურად გამოიკითხებიან ყველანი. ყოველდღიურად ვიგებ ახალი დაზარალებულების შესახებ. დაახლოებით 40-ზე მეტი იქნება, ვინც უკვე გააჩინა ბავშვები და 75-მდე მომლოდინეა. ეს გოგონები ინდივიდუალურად ცხოვრობდნენ სხვადასხვა ლოკაციებზე თბილისში, თუმცა იმის, გამო რომ კომპანიამ არ გადაიხადა შესაბამისი ყოველთვიური ქირის, შესთავაზა ეს ჰოსტელი და ისინიც დათანხმდნენ, ვინაიდან სხვა გამოსავალი მათ არ ჰქონდათ", - ამბობს იურისტი.
სააგენტო "ქინდერლის" იურისტი "პირველებთან" ადასტურებს ინფორმაციას იმისთან დაკავშირებით, რომ ქალებს ამ დრომდე კუთვნილი თანხა სრულად არ მიუღიათ. სააგენტოს ადვოკატი განმარტავს, რომ კომპანიის ხელმძღვანელები თანახმა არიან ეს თანხა გადაიხადონ, თუმცა როდის დაიფარება დავალიანება უცნობია.
რაღაც ნაწილი ოღონდ მცირედი აღებული აქვთ აღნიშნულ პიროვნებებს. მე ერთი კვირაა ამ ორგანიზაციაში ვმუშაობ და ასაღები აქვთ თანხები. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია და ბუნებრივია იცის, როგორც დამფუძნებელმა ისე დირექტორმა. ასევე აღნიშნული ინფორმაცია, როგორც ჩემთვის არის ცნობილი მიეწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს და ასევე მზაობას გამოთქვამს კომპანია იმასთან დაკავშირებით, რომ გადაიხადოს აღნიშნული თანხები", - ამბობს კომპანიის იურისტი.
ცნობისთვის, სუროგატი დედების შესახებ სტატიაა თავდაპირველად "რადიო თავისუფლებამ" გამოაქვეყნა, შემდეგ კი ამ ფაქტით შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდა და რეპროდუქციული მედიცინის სააგენტო Kinderly-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
სუროგატი დედები დახმარებას ითხოვენ - თბილისში, იძულებით ტყვეობაში მყოფი 30-მდე ქალი რეპროდუქციული მედიცინის სააგენტოს მძიმე ბრალდებებს უყენებს. ექვსი სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოყვანილი ქალი ამტკიცებს, რომ მათ ბავშვები გააჩენინეს, თუმცა ჰონორარებს არ აძლევენ. მათი ნაამბობით ირკვევა, რომ საკეისრო კვეთიდან ორ კვირაში ერთ-ერთ ქალს საშვილოსნო ამოკვეთეს.