საბა სხვიტარიძე: "სინდისის პატიმრების სახელით მივმართავ ხალხს, გთხოვთ, გვერდით დაუდგეთ და დაიცვათ ჩვენი მშობლები"
გლდანის ციხეში გამომწყვდეული საბა სხვიტარიძე სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების მიერ 8 აპრილს დაორგანიზებულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.
რეჟიმის ტყვე პირდაპირ წერს, რომ დღესდღეობით დასაკარგი დრო აღარ არსებობს, რადგან მოქალაქეებს ქვეყანა აქვთ გადასარჩენი. სწორედ ამიტომ საბა სხვიტარიძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ოთხ კედელში გამოკეტილი ახალგაზრდების მშობლების გვერდით დადგნენ და 9 აპრილიდან 36 წლის თავზეც ივანიშვილის რეჟიმს კიდევ ერთხელ უთხრან უარი ქვეყნის რუსეთისთვის მიბარებაზე.
"გთხოვთ, გვერდით დაუდგეთ და დაიცვათ ჩვენი მშობლები. 8 აპრილს ძალიან ბევრი უნდა იყოთ რუსთაველზე!" - ნათქვამია საბა სხვიტარიძის მიერ გავრცელებულ წერილში.
8 აპრილს მშობლების დაანონსებული აქცია რეალური წინააღმდეგობაა, რომელიც აუცილებლად უნდა წამოწყებულიყო. ერთობას ალტერნატივა არ აქვს – დღეს ან ხარ საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით, ან ხარ რუსეთისა და ქოცების მხარეს. შუა პოზიცია არ არსებობს. რაც უფრო მალე გავიაზრებთ ამას, მით უფრო მალე მივალთ გამარჯვებამდე. კულუარული პოლიტიკის დრო აღარ არის. დროა მეტი ღიაობის – გადაწყვეტილებები ღიად უნდა მიიღებოდეს რუსთაველზე.
დღეს, თუ ვინმეს ერთობა სურს, შეუერთდით მშობლებს და გაერთიანდით მათ გარშემო. რეალური წინააღმდეგობის გაწევა მშობლებმა დაანონსეს – დასაკარგი დრო აღარ გვაქვს, ქვეყანაა გადასარჩენი! სინდისის პატიმრების სახელით მინდა მივმართო ხალხს: გთხოვთ, გვერდით დაუდგეთ და დაიცვათ ჩვენი მშობლები. ძნელია საკნიდან უყურო ბრძოლის წინა ხაზზე მდგომ მშობელს და ვერ შეძლო მის გვერდით ყოფნა. ამიტომ, 8 აპრილს ძალიან ბევრი უნდა იყოთ რუსთაველზე!". - წერს საბა სხვიტარიძე.
შეგახსენებთ, საბა სხვიტარიძეს რეჟიმი ბერას ძმაკაც პოლიციელზე, მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.
- სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.