ივანიშვილი რისკების დაზღვევისთვის ემზადება? - ექსპერტი იმ შესაძლო მიზეზებს ასახელებს, თუ რატომ მოხსნეს ლილუაშვილი
ემზადება თუ არა ბიძინა ივანიშვილი რისკების დაზღვევისთვის? - კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი "ტვ პირველის" ეთერში იმ შესაძლო მიზეზებს ასახელებს, რის გამოც გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მინისტრის თანამდებობიდან მოხსნეს.
კონსტიტუციონალისტი ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა რეჟიმის საყრდენებზე კონტროლის შემცირებას ცდილობდეს და იმ რისკების დაზღვევისთვის ემზადებოდეს, რომ ივანიშვილის მემკვიდრეობის საკითხის დღის წესრიგში დადგომის შემდეგ, რეჟიმი არ შეირყეს.
"ეს შეიძლება იყოს წინასწარი დაზღვევა იმისა, რომ გარდამავალი რეჟიმი შექმნან, სადაც აქაურ, ავტორიტარულ ელიტებს რუსეთმა შეუქმნას პირობები, რომ გარკვეული ძალაუფლების გაზიარება მოხდეს. ეს ივანიშვილის მხრიდან შეიძლება ნიშნავდეს ძალაუფლების ნაწილობრივ გადაცემას სხვა ტიპის ავტორიტარული რეჟიმისთვის" - აცხადებს დავით ზედელაშვილი.
რთულია ზუსტი შეფასების გაკეთება, თუმცა რეჟიმს რომ დავაკვირდეთ, რომელიც ჩამოყალიბებულია როგორც პერსონალისტურ დიქტატურად ივანიშვილის, ამ ტიპის რეჟიმში საიდუმლო პოლიციის შეფი, რომელიც დიქტატორის პერსონალური ნდობით აღჭურვილი პირია, რომელიც დიდი ხანი იკავებს ამ თანამდებობას, უცებ უშვებენ თანამდებობიდან საკმაოდ არასახარბიელოდ. რაც მის შემთხვევაში დღეს მოხდა, არის დამამცირებელი გასვლაც ამ წონის ფიგურისთვის, როგორიც ლილუაშვილი იყო.
აქ წარმოიშვება რისკი. როდესაც ესეთ მომენტში მნიშვნელოვან წინააღმდეგობას უპირისპირდები, ატარებ რეპრესიებს და ამ დროს სიტუაციის დაჭერაზე პასუხისმგებელ პირს ათავისუფლებ, ამით, რა თქმა უნდა, რისკავ. ეს არის მნიშვნელოვანი რისკი, რომლის უკანაც ლოგიკა უნდა არსებობდეს. ეს ლოგიკა შეიძლება იყო ის, რომ ივანიშვილს იმდენად აღარ აკმაყოფილებდა ლილუაშვილის სანდოობა, რომ შუაგზაში გადაწყვიტა მისი ჩანაცვლება. შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოდ მეჩვენება.
მეორე ოფცია არის ის, რომ ეტაპობრივად ხდება ივანიშვილის პერსონალური კონტროლის შემცირება რეჟიმის ძალაუფლების საყრდენებზე. ეს შეიძლება იყოს მათ შორის მზადება იმისთვის, რომ საშუალო ან გრძელვადიან დააზღვიონ რისკები იმის, რომ ეს რეჟიმი არ შეირყეს, როდესაც ივანიშვილის მემკვიდრეობის საკითხი დადგება. ძირითადად, პერსონალურ დიქტატურებს არყევს იმის აღქმა, თუ ვინ იქნება შემდეგი, ვინ იქნება მემკვიდრე. ეს შეიძლება იყოს წინასწარი დაზღვევა იმისა, რომ გარდამავალი რეჟიმი შექმნან, სადაც აქაურ, ავტორიტარულ ელიტებს, რომლებიც არიან და ვიცით, რომ რუსების ერთგულები არიან, რუსეთმა შეუქმნას პირობები, რომ გარკვეული ძალაუფლების გაზიარება მოხდეს და ეს ივანიშვილის მხრიდან შეიძლება ნიშნავდეს ძალაუფლების ნაწილობრივ გადაცემას, ტრანზიციას სხვა ტიპის ავტორიტარულ რეჟიმში. ეს ყველაფერი არის ვარაუდები." - განაცხადა დავით ზედელაშვილმა.
ცნობისთვის, სუს-ის მინისტრმა, გრიგოლ ლილუაშვილმა თანამდებობა დატოვა. სუს-ს "ოცნება" ანრი ოხანაშვილს აბარებს, რომელიც რამდენიმე თვის წინ, იუსტიციის მინისტრად დანიშნეს.
აქამდე ცნობილი იყო, რომ სუს-ის ყოფილი შეფი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებდა, თუმცა დღეს, 4 აპრილს, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობასაც აღარ დაიკავებს.
კობახიძემ თქვა, რომ ლილუაშვილს სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა ჰქონდა. კითხვაზე, კონკრეტულად რა განსხვავებული პოზიციები არსებობდა ლილუაშვილსა და კობახიძეს შორის, ივანიშვილის პრემიერი ამბობს, რომ "იყო განსხვავებული შეხედულებები მოადგილეებთან დაკავშირებით".