რუსული საინფორმაციო ოპერაციის ახალი კვალი 2024 წლის არჩევნებში - ISFED-ის კვლევა
აღმოჩენილია რუსული საინფორმაციო ოპერაციის ახალი კვალი 2024 წლის ქართულ არჩევნებში - "სამართლიანი არჩევნები" უახლესი მოკვლევის შედეგებს აქვეყნებს. გავლენიან ორგანიზაციაში ფაქტებით დაადგინეს, რომ რუსეთიდან მართულ კამპანიას კოორდინირებული ხასიათი ჰქონდა.
უფლებადამცველების შეფასებით ამ პროცესში ჩართულები იყვნენ, როგორც რუსეთის საგარეო დაზვერვა, ასევე კრემლის პროპაგანდისტული მედია-საშუალებებიც.
მთავარი დეზინფორმაციაა, რომელსაც რუსეთიდან ავრცელებდნენ, უკავშირდება ეგრედწოდებულ ფერად რევოლუციას და ხელისუფლების შეცვლის მცდელობების აბსურდულ თეორიებს. და რაც ყველაზე საყურადღებოა, isfed-ში აცხადებენ რომ რუსული გზავნილები საეჭვოდდ ემთხვევა "ქართული ოცნების" პროპაგანდისტულ მესიჯებს.
რუსულმა დაზვერვამ საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებების გავრცელება აქტიურად ზაფხულიდან დაიწყო. თუმცა, რუსი პროპაგანდისტები და მაღალჩინოსნები ჯერ კიდევ 2024 წლის გაზაფხულზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის მიმდინარეობისას, ავრცელებდნენ გზავნილებს, რომ აშშ აქციების დაფინანსებით საქართველოში არეულობას უჭერდა მხარს და მას ქვეყანაში ომის მეორე ფრონტის გახსნა სურდა.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა 9 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომ აშშ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ფერადი რევოლუციის გზით ხელისუფლების ცვლილებას გეგმავდა. განცხადების მიხედვით, ვაშინგტონი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ევროკავშირთან დაშორების მოტივით იმოქმედებდა და ამაში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური პარტიები დაეხმარებოდნენ. რუსული დაზვერვის განცხადების მიხედვით, მათ მიერ დაორგანიზებულ პროტესტებზე მსხვერპლიც მოსალოდნელი იყო, რაც ადამიანების აგრესიას სამართალდამცველებისკენ მიმართავდა. განცხადებაში პარალელი გავლებული იყო უკრაინაში 2014 წლის რევოლუციასთანაც და აღნიშნული იყო, რომ მაიდანზე დაღუპული ადამიანების ნაწილი ქართველი დაქირავებული სნაიპერების მიერაც იყო დახვრეტილი.
26 აგვისტოს რუსეთის დაზვერვამ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომელშიც, ასევე, ფერადი რევოლუციის მოწყობის მცდელობაზე კეთდებოდა აქცენტი. განცხადების მიხედვით, თეთრი სახლი უკმაყოფილო იყო საქართველოში ოპოზიციური ძალებით და „ქართული ოცნების” წევრებისთვის სანქციების დაწესებას აპირებდა. ამასთანავე, რევოლუციურ პროცესებში იქნებოდნენ ჩართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც დარღვევების არარსებობის შემთხვევაშიც კი უარყოფითად შეაფასებდნენ საარჩევნო პროცესს.[14] მეორე დღეს რუსეთის საგარეო დაზვერვის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა, განაცხადა, რომ რუსეთს სურდა, ხელი შეეშალა საქართველოში ფერადი რევოლუციის მცდელობისთვის ამ საკითხზე არსებული ინფორმაციის გამჟღავნებით
- უკვე 11 სექტემბერს, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რუსეთის დაზვერვამ საქართველოში რევოლუციის მოწყობის გეგმაში ჩართულობაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისიც (ეუთო/ოდირი) დაადანაშაულა. დაზვერვის განცხადებით, კენჭისყრამდე 10-20 დღით ადრე ეუთო/ოდირი მკაცრ ანგარიშს გამოაქვეყნებდა, რომელშიც აქცენტი იქნებოდა გაკეთებული ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის პირობების არარსებობაზე; აღნიშნული შეფასება ოპოზიციას საბაბს მისცემდა, დაეწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით.[16] მსგავს განცხადებებს სხვა მაღალჩინოსნებიც ავრცელებდნენ.
2024 წლის 4 ოქტომბერს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა, განაცხადა, რომ ეუთო/ოდირმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთით მოამზადა შუალედური დასკვნა, რომელშიც არსებობდა თეზისი იმის შესახებ, თითქოს საქართველოში სამართლიანი და ღია არჩევნებისთვის პირობები არ არსებობდა. ნარიშკინი დასავლეთს სდებდა ბრალს, რომ ცდილობდა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას და არ სურდა „ჯანსაღი, ეროვნულად ორიენტირებული ძალების“ დარჩენა.[18]
საქართველოში არჩევნების შემდეგ შესაძლო რევოლუციის მოწყობის მცდელობაზე გზავნილები ფეისბუქზე რუსეთიდან მართული ანონიმური ქსელის მეშვეობითაც ვრცელდებოდა. რუსეთიდან მართულ ქსელში შემავალი გვერდები, ერთი მხრივ, ქართულენოვანი სტატიების, მეორე მხრივ კი ე.წ. იუმორისტული „მიმების“ საშუალებით ავრცელებდნენ გზავნილებს არჩევნების პარალელურად. აგვისტოს ბოლოდან ქსელმა დაიწყო ოპოზიციისა და დასავლეთის დადანაშაულება საქართველოში არეულობის მოწყობის მცდელობაში. სექტემბერში კი გვერდმა “Georgia Breaking News” გამოაქვეყნა რუსულ ქსელთან დაკავშირებულ ვებგვერდზე, sakartvelo-today.org, გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც აშშ-ს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის დახმარებით „ფერადი რევოლუციის“ მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებდა. გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნული იყო, რომ რევოლუციის საბაბი არჩევნების შედეგების გაყალბების ბრალდებები გახდებოდა. აღნიშნული პოსტები დარეკლამებული იყო, თუმცა გადახდილი თანხის რაოდენობა გაუმჭვირვალეა.
- ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობაზე აქცენტი კეთდებოდა „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდანაც. სექტემბრის დასაწყისში ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ 2024 წლის არჩევნებზეც შესაძლებელი იყო ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების შეცვლის მცდელობა, თუმცა რევოლუციის მოწყობის რესურსი არ ჰქონდათ
გზავნილი, თითქოს აშშ საქართველოში რევოლუციას გეგმავდა, რუსულ წყაროებთან ერთად, სოციალურ მედიაში ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ ანონიმურ ტიკტოკ და ტელეგრამ არხებზეც გავრცელდა.
4 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედის“ ფეისბუქგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებდა, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მოსალოდნელი იყო დიდი მასების შესაძლო მობილიზება საპროტესტო აქციებზე. აღნიშნული ქარდი „ნიუსფრონტის“ ტელეგრამ არხზეც გავრცელდა", - წერია კვლევაში.
ვრცლად კლევა იხილეთ აქ