საბა სორდია ადმინისტრაციულით არის დაკავებული, მისი მისამართით ადგილი ჰქონდა ჰომოფობიურ სიტყვებსაც - ადვოკატი

06.04.25 18:42
საბა სორდია ადმინისტრაციულით არის დაკავებული, მისი მისამართით ადგილი ჰქონდა ჰომოფობიურ სიტყვებსაც - ადვოკატი

საბა სორდიას ადვოკატი, რომელმაც დაკავებული ჟურნალისტი დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა, მომხდარის შესახებ ყვება. ინტერესების დამცველის თქმით, ჟურნალისტი მეგობრებთან შესახვედრად მიდოდა, რა დროსაც ის პოლიციელებმა გააჩერეს და გაჩხრიკეს.

ადვოკატი ამბობს, რომ სორდიას მხრიდან წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა როცა სამართალდამცველებმა მისი ჩანთის ჯიბეების შემოწმება განიზრახეს, ჟურნალისტმა უთხრა, რომ ჩანთას თავად გაუხსნიდა, რის შემდეგაც ის დააკავეს.

ადვოკატი ყურადღებას კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს. მისი თქმით, პოლიციის ავტომობილში ყოფნისას სორდიას მისამართით პოლიციელებმა ჰომოფობიური სიტყვები გამოიყენეს, დაემუქრნენ წართმეული გოუ-პროს დამტვრევითაც.

ინტერესების დამცველი გეგმავს, საქმის კურსში სახალხო დამცველიც ჩააყენოს. 

როგორც საბა ამბობს, მარჯანიშვილის მეტროსთან იმყოფებოდა და უნდა შეხვედროდა მეგობრებს, რა დროსაც მასთან მივიდა ორი პოლიციელი და უთხრეს, რომ გადამოწმების მიზნით ითხოვდნენ მის პირადობის მოწმობას. საბას მხრიდან წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. პირადობა მიაწოდა, ამის შემდეგ სთხოვეს, რომ ასევე გაეხსნა ჩანთა, რაზეც დაემორჩილა და ჩანთა გაუხსნა, თუმცა შემდეგ პოლიციელებმა მოინდომეს, რომ თავად გაეხსნათ ჩანთის ერთ-ერთი ჯიბე, რაზეც საბამ უთხრა, რომ თვითონვე გახსნიდა, ამ დროს პოლიციელებმა მოკიდეს მას ხელი, ჩასვეს პოლიციის მანქანაში და წაიყვანეს მარჯანიშვილზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დაკავების მომენტში მისთვის არ უთქვამთ, რომ აკავებდნენ და გადაჰყავდათ განყოფილებაში. უკვე განყოფილებაში ყოფნის დროს უთხრეს, რომ ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. ასევე საბამ თქვა, რომ საპატრულო პოლიციის მანქანაში ყოფნისას მის მიმართ იყო გამოყენებული ჰომოფობიური სიტყვები, გამომდინარე იქიდან, რომ მას ეკეთა საყურე. ასევე მას ჩამოართვეს გოუ-პრო, რომელიც არის ახლა პოლიციაში, საბამ სთხოვა, რომ არ დაკარგულიყო კამერა, რაზეც უთხრეს, რომ თუ კიდევ გაიმეორებდ,ა დაუმტვრევდნენ კამერას, რაც არის პოლიციელის მხრიდან შეუსაბამო საქციელი.

ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ მივმართოთ სახალხო დამცველსაც ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ჰომოფობიურ მიმართვასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მისი გამოშვების საკითხს, თუ 48 საათით გაუგრძელებენ, სასამართლოში გადაიყვანენ, ან ხელწერილით გამოუშვებენ ხვალვე. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით,- განაცხადა მარიამ ყველაშვილმა.

 შეგახსენებთ, რომ პოლიციამ "ინდიგოს" ჟურნალისტი საბა სორდია დააკავა