“ბილეთი არ მიყიდია, უფასოდ ვარ მოსული გასართობად, აბსურდის თეატრში“- სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები სპექტაკლს უწოდებენ იმ სასამართლო პროცესებს, რომელიც საქალაქოში მათი შვილების წინააღმდეგ მიმდინარეობს.
როგორც ისინი “პირველებს“ ეუბნებიან, “არიან სპექტაკლზე დამსწრე საზოგადოება, რომლის ბილეთშიც ფულს არ იხდიან.“
ვიმყოფები უსამართლო სასამართლოში, როდესაც ავტობუსიდან გადმოვდივარ, ვეუბნები, უსამართლო სასამართლოსთან გააჩერეთ-მეთქი. ემოციურად რთულია ჩემთვის, ჩემი მეუღლის და საუკეთესო ბიჭების დანახვა ბორკილებით, მაგრამ ღმერთი მაძლიერებს. უნიჭო ცრუ მოწმეებს მოგვიყვანენ და ზღაპრებს მოგვიყვებიან, ბილეთი არ მიყიდია, უფასოდ ვარ მოსული გასართობად, აბსურდის თეატრში“, - ამბობს ვეფხია კასრაძის მეუღლე.
თორნიკე მითხრა, რომ ხომ იცი დედა, იტყვის მოწმე ტყუილს, მე სიცილით შევხვდები, მაგრამ შენ არ განერვიულდე. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ გამოვყვები მოწმეს, და იმ სათქმელს, რასაც დედის გული ფიქრობს, იმ წუთში, როცა ის ტყუილს ლაპარაკობს, აუცილებლად გავაყოლებ. იქ არაფერ ვეტყვი, რადგან მირჩევნია ჩემი შვილი ვნახო, ვიდრე დასწრება ამიკრძალონ“, - აცხადებს თორნიკე გოშაძის დედა.
რეალურად მკვდრადშობილი სასამართლოა და ნდობა არის ნულოვანი. მოვდივართ, ერთმანეთს ვუყურებთ, ვიდრე სასამრთლოს მიმდიანრეობს ვტკბებით ერთმანეთის ნახვით“,- ამბობს ზვიად ცეცხლაძის მამა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების - ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილის საქმის პირველი არსებითი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
სანქცირებული მოსამართლე და სანქცირებული პროკურორი იმ ადამიანებს გაასამართლებენ, რომლებიც თავისულებისთვის ბრძოლისთვის ჰყავთ დაპატიმრებული.
საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა. დღეს ბრალდების მხარე მოსამართლის წინაშე სიტყვით წარდგება.