საია: პარტიების გაუქმების ინიციატივა ემსახურება პოლიტიკური ველის გასუფთავებას და ოპონენტების ჩამოშორებას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ „ქართული ოცნების“ პარლამენტში რეგისტრირებულ კანონპროექტს ეხმიანება, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა“ და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონებში ცვლილებების შეტანას ისახავს მიზნად.
საია მიიჩნევს, რომ ინიცირებული კანონპროექტის მიზანი პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება, ბოლოდროინდელი რიტორიკისა და პროპაგანდის გაძლიერება, ჯანსაღი ოპოზიციის გრძელვადიანი განადგურება და ქვეყანაში ერთპარტიული, ავტორიტარული მმართველობის დამყარებაა.
ცვლილებები ეწინააღმდეგება პლურალისტური დემოკრატიის პრინციპს და არაპროპორციულად ზღუდავს არა მხოლოდ არსებული, არამედ მომავალში ახლადდაფუძნებული პარტიების საქმიანობას. გარდა ამისა, ბუნდოვანი საკანონმდებლო კრიტერიუმებისა და პოლიტიკური გავლენების მქონე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის შეუზღუდავი ინტერპრეტაციის საშუალებით, ცვლილებები მიმდინარე პოლიტიკურ მოცემულობაში გამოიწვევს ოპოზიციური პარტიების დასუსტებას, მომავალი პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბებისათვის ხელოვნური ბარიერების შექმნასა და საბოლოოდ, გაუქმებას.
საია წერს, რომ ვენეციის კომისიის შეფასებით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვა არის უკიდურესი ღონისძიება და იგი მაქსიმალური სიფრთხილით უნდა გამოიყენონ.
აშკარაა, რომ პარტიების გაუქმების ინიციატივა ემსახურება პოლიტიკური ველის გასუფთავებას, ოპონენტების ჩამოშორებასა და ანტი-დემოკრატიული პროპაგანდის გაძლიერებას. იმ პირობებში, როდესაც „ქართულ ოცნებას“ მიტაცებული აქვს ფაქტობრივად ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო, მოსალოდნელია, რომ იგი მარტივად, ყოველგვარი აუცილებელი სამართლებრივი დასაბუთების, ფაქტობრივი მტკიცებულებების წარმოდგენისა და გაერთიანების თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტების დაცვის გარეშე მოახერხებს პარტიათა საქმიანობის აკრძალვას და პოლიტიკური სპექტრის განადგურებას. ე.წ. „მემკვიდრე პარტიების“ საქმიანობის აკრძალვა და მისი ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა სამომავლოდ გამოიწვევს პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენის შეზღუდვას. საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შეუზღუდავი ინტერპრეტაციის შესაძლებლობითა და პოლიტიკურ დღის წესრიგზე დაყრდნობით, უფლებამოსილი იქნება „მემკვიდრე პარტიის“ ქოლგის ქვეშ საქმიანობა აუკრძალოს ისეთ ახალ პარტიას, რომელიც, მართალია ამ ცნების ქვეშ არ ექცევა, თუმცა მმართველი პარტიის ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის მიუღებელია. მათ შორის, ინტერპრეტაციის რისკი არსებობს „მემკვიდრე პარტიის“ კრიტერიუმების განსაზღვრისას, თუ ვის მიიჩნევს და რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით საკონსტიტუციო სასამართლო აკრძალული პარტიის მემკვიდრედ. კანონი პირდაპირ ახსენებს პარტიის „პერსონალურ შემადგენლობას“, რაც არამხოლოდ პარტიის, არამედ, ასევე, კონკრეტული პირების დევნის ინსტრუმენტად შეიძლება იქცეს“, – აცხადებს საია.
ორგანიზაციისთვის განსაკუთრებით საეჭვოა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვის სრულყოფილი და სამართლიანი პროცესის წარმართვა საარჩევნო პერიოდში, როდესაც მას ამისთვის მხოლოდ 14 დღე ექნება.