ადამიანების ქუჩიდან გატაცება და რეპრესიები "ოცნების" პრაქტიკაა - ნატა ძველიშვილი

07.04.25 13:52
ადამიანების ქუჩიდან გატაცება და რეპრესიები "ოცნების" პრაქტიკაა - ნატა ძველიშვილი

ადამიანების ქუჩიდან გატაცება და რეპრესიები "ოცნების" პრაქტიკაა, - ამის შესახებ "ინდიგოს" აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი საუბრობს. მისი თქმით, ასე მოხდა საბა სორდიას შემთხვევაშიც, როდესაც ის ქუჩიდან უკანონოდ გაიტაცეს.

ჟურნალისტი მომხდარს დაშინების მცდელობად და რეპრესიებად აფასებს. 

იმედი გვქონდა, რომ უფრო ადრე, ხელწერილით გამოუშვებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც კანონი არ კანონობს, კანონის უზენაესობა არ გვაქვს და ამიტომ მეორეხარისხოვანია რა წერია კანონში. მთავარია, რა არის პრაქტიკა და პრაქტიკა არის რეპრესიული, პრაქტიკა არის ის, რომ ადამიანებს ქუჩიდან იტაცებენ. საბა სორდიას დაკავება, არ იყო დაკავება, ეს იყო ქუჩიდან გატაცება, იმიტომ, რომ შემთხვევით, დაგდებული სკუტერით მივხვდით, რომ ადამიანი გააქრეს და ასე ვარაუდებით, პრესსამსახურის დახმარებით აღმოვაჩინეთ ის იზოლატორში. ახლა რაც ვიცით არის ის, რომ ველოდებით სასამართლოს, რომელიც როდის გაიმართება არავინ იცის, არ იცის არც ადვოკატმა.

საბა არის უკანონო პატიმარი, იმიტომ, რომ მას ბრალად ედება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა, როდესაც ის დაემორჩილება პოლიციის მოთხოვნას, თავად გახსნა ჩანთა და დაათვალიერებინა. 

დღეს რაც ქუჩებში ხდება და რაც არა მხოლოდ საბა შემთხვევაშია, ეს არის დაშინების მცდელობა, რეპრესია, - ამბობს ნატა ძველიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ გომელაურის პოლიციამ “ინდიგოს” ჟურნალისტი საბა გუშინ სორდია დააკავა. ჟურნალისტს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ადვოკატი, რომელმაც სორდია გუშინ დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა, ამბობს, რომ საბა სორდიას მხრიდან პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩიელებლობას ადგილი არ ჰქონია. 

დაკავებული ჟურნალისტი ამ დრომდე დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი.