დამოუკიდებელი მედია “ოცნების რეჟიმის“ მთავარი სამიზნეა-მედიაკოალიცია საბა სორდიას დაკავებაზე

07.04.25 14:12
დამოუკიდებელი მედია “ოცნების რეჟიმის“ მთავარი სამიზნეა-მედიაკოალიცია საბა სორდიას დაკავებაზე

“მედიის ადვოკატირების კოალიცია“ “ინდიგოს“ ჟურნალისტის, საბა სორდიას დაკავებას და მისთვის იზოლატორში ყოფნის ვადის გაგრძელებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მისი დაკავება არის კიდევ ერთი შემთხვევა მედიის წინააღმდეგ მიმართული სისტემური რეპრესიული პოლიტიკისა, რომლის მასშტაბი დღითიდღე იზრდება.

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დამოუკიდებელი მედია “ოცნების რეჟიმის“ მთავარი სამიზნეა.

ჟურნალისტების დაკავება ისეთი მოსახერხებელი საბაბით, როგორიცაა „პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა“, სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა. ეს არის გააზრებული ტაქტიკა მედიის თავისუფლებაზე შემაკავებელი ეფექტის შესაქმნელად და სხვა ჟურნალისტების დასაშინებლად.

„ქართული ოცნების“ რეჟიმი სხვადასხვა მეთოდით აგრძელებს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობას რაც მოიცავს სამართლებრივი დევნის მექანიზმებს, ფიზიკურ ძალადობას, მძიმე ფინანსურ სანქციებს, რეპრესიული საკანონმდებლო ინიციატივების მიღებას და დაუსჯელობის პოლიტიკას ძალადობის შემთხვევაში. პროევროპული საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან ასზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ამის მიუხედავად, არცერთი თავდამსხმელი არ იქნა იდენტიფიცირებული და დასჯილი. ზემოაღნიშნული შემთხვევები ნათლად აჩვენებს „ქართული ოცნების“ მიერ გამოხატვის თავისუფლების და ნებისმიერი კრიტიკული აზრის სისტემური შეზღუდვის მცდელობას“, – წერია განცხადებაში.

საბა სორდია 6 აპრილს მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიცია მას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავება, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები