რეჟიმის წარმომადგენლებს გმირების მემორიალთან არ მივუშვებთ - სინდისის პატიმრების მშობლები 9 აპრილის აქციისთვის ემზადებიან
მზადება ცხრა აპრილის აქციისთვის-ხვალ, საღმოს 22:00 საათიდან, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები რუსთაველზე, ცხრა აპრილის მემორიალთან შეიკრიბებიან და დაელოდებიან ყველას, ვინც არ ეთანხმება იმ მდგომარეობას, რომელიც ქვეყანაში ბოლო პერიოდში შეიქმნა.
მათ აქციის დაწყების დრო საგანგებოდ შეარჩიეს, რადგან სწორედ გამთენიის ოთხ საათზე დაიწყო საბჭოთა კავშირის არმიამ საქართველოს პარლამენტთან შეკრებილი მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა - ნიჩბებით, ტანკებით და მხუთავი აირით.
სინდისის პატიმრების მშობლები გეგმავენ, ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები გმირების მემორიალთან არ მიუშვან, რადგან მათი თქმით, “ოცნება“ ის პარტიაა, რომელიც ცხრა აპრილის იდეას უპირისპირდება.
ვდგავართ ისეთი საფრთხის წინაშე, 9 აპრილს დაღუპული ადამიანების გვამებზე გადაიარო და ისევ ქვეყანა რუსეთისაკენ შეაბრუნო, აი, ამ საფრთხის წინაშე ვართ, აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მოვიდეს. ჩვენ მართლაც 9 აპრილს დაღუპული ადამიანების სულები დაგვცქერის და სამართლას ითხოვს და ეს სამართალი არის ხალხში. არ უნდა მივუშვათ ისინი 9 აპრილის მემორიალთან და უნდა დავიცვათ რუსული რეჟიმის მარწუხების საცეცებისგან 9 აპრილის მემორიალი, - ამბობს ზვიად ცეცხალძის მამა.
ვინც არ ეთანხმება ამ რეჟიმს და მდგომარეობას, რომელშიც აღმოვჩნდით, ყველას ველოდები ხვალ, 10 საათზე. ამ „ოცნების“ ადგილი იქ უფროა, სადაც 9 მაისს მიდიან, მოსკოვში, თორე ამ მონუმენტთან არის ქართველი ხალხის დგომა საჭირო და ვიდგებით ჩვენ, - განაცხადა ირაკლი მიმინოშვილის დედამ.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პატიმრებით დავიბრუნებთ საქართველოს, თავისუფლებას და დავუბრუნდებით ევროპულ გზას. გამარჯვება გარდაუვალია, ყველა შემთხვევაში, ცოტა ვიქნებით თუ ბევრი. რაც უფრო მალე მოვეგებით გონს და გავერთიანდებით, მით მალე მოვიპოვებთ ამ გამარჯვებას“, - აცხადებს საბა სხვიტარიძის დედა.