"პოლიციელს რომ ხელს დაარტყამ რა მდგომარეობაში უნდა იყოს?! - რა ჩვენება მისცა სასამართლოში დგებუაძის მოადგილემ
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომაზე ირაკლი დგებუაძის მოადგილე, გიორგი ბჟალავა გამოიკითხა.
- დღევანდელ სხდომაზე 3 გამომძიებელი გამოიკითხა: ლევან გოგმაჩაძე, გურამ დიასამიძე და გიორგი ბჟალავა.
გამოკითხვების პარალელურად ისმოდა შეძახილები დარბაზს გარედან: „თავისუფლება მზიას”.
გიორგი ბჟალავა დღეს ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით ნახა, როგორ "შეუწითლდა ლოყა მზია ამაღლობელის სილის გაწვნის შემდეგ ირაკლი დგებუაძეს".
პროკურორის კითხვაზე, რა მდგომარეობაში იყო დგებუაძე, როცა ნახა, დგებუაძის მოადგილემ უპასუხა:
რა მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო? პოლიციელს რომ ხელს დაარტყამ რა მდგომარეობაში უნდა იყოს... გაწითლებული ჰქონდა სახე. მომხდარი ფაქტიდან 10-15 წუთში ვნახე"- თქვა გიორგი ბჟალავამ.
გიორგი ბჟალავა ასევე დღევანდელ პროცესზე იმეორებდა, რომ მზია ამაღლობელი დგუბუაძეს "სიტყვიერ შეურაცხყოფას" აყენებდა. მოწმე პოლიციელს ჰკითხეს, თავად მისი მისამართით თუ ჰქონდა ადგილი ამაღლობელის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაზეც ბჟალავამ პასუხი ვერ გასცა.
გარდა ამისა, ადვოკატმა დგებუაძის მოადგილეს ჰკითხა, რატომ ეკეთა ინციდენტის დროს ნიღაბი, რაზეც მან უპასუხა, რომ "სციოდა".
ჩვენების მიცემისას, ერთმა მოქალაქემ პროტესტი დარბაზშივე გამოხატა. მოსამართლემ მამაკაცი სხდომიდან გააძევა.