მზია ამაღლობელის მომდევნო პროცესი 14 აპრილს გაიმართება
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დასრულდა - გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დირექტორის მომდევნო პროცესი 14 აპრილს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დღევანდელ სხდომაზე 3 გამომძიებელი გამოიკითხა: ლევან გოგმაჩაძე, გურამ დიასამიძე და გიორგი ბჟალავა.
გამოკითხვების პარალელურად, ისმოდა შეძახილები დარბაზს გარედან: "თავისუფლება მზიას".
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ კი ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. გამოძიება მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.