კანონპროექტი: უცხოური გრანტის მიღებას "ოცნების" მთავრობის თანხმობა დასჭირდება
"ქართული ოცნება" გრანტების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას დაჩქარებული წესით იწყებს - ერთპარტიული პარლამენტი გეგმავს, რომ დაამტკიცოს კანონი, რომლის მიხედვითაც, უცხოური გრანტის მიღებას "ოცნების" მთავრობის ან "ოცნების" მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება.
თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალული იქნება. აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.
- შესაბამისი კანონპროექტი არალეგიტიმური პარლამენტის ვებგვერდზე ჯერ არ გამოქვეყნებულა. კანონპროექტზე ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის გაცხადებისთვის 10-დღიანი ვადა განისაზღვრება. "ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს.
ამასთან, აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ "გრანტების შესახებ" კანონპროექტს გამონაკლისიც ექნება. "ოცნების" მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე, ასევე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე.