ჟურნალისტის დაკავების საქმე - საბა სორდიას იზოლატორში ყოფნის ვადა გაუხანგრძლივეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტის წინააღმდეგ მტკიცებულებების მოპოვებას ცდილობს. საბა სორდიას დაკავებიდან 24 საათის გასვლის შემდეგ, გომელაურის უწყებამ ადვოკატებს უთხრა, რომ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის წინააღმდეგ არაფერი აქვთ და დამატებითი დრო სჭირდებათ.
გამოცემა "ინდიგოს" ჟურნალისტი ამ დრომდე თბილისის მთავარ სამმართველოშია და საკუთარი სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდება. საბა სორდიას დაკავებიდან 48 საათი ხვალ, დღის მეორე ნახევარში გადის. თუ 2 საათამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოში საქმეს არ შეიტანს, მაშინ სორდიას გამოშვება პირდაპირ დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე მოუწევთ.
საბა სორდიას შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება, თუმცა ირკვევა, რომ ასეთი რამ დაკავების მომენტში არ მომხდარა. საპატრულო პოლიციის ორმა თანამშრომლებმა ჟურნალისტს პირადობის მოწმობის წარდგენა და ზედაპირული დათვალიერება მოსთხოვა. თანხმობის მიუხედავად იდენტიფიცირების მოტივით განყოფილებაში გადაიყვანეს და მხოლოდ გზაში გაიგო ჟურნალისტმა, რომ ის ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული.
დაკავების მომენტშივე გაირკვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანი არა კანონდამრღვევის განეიტრალება, არამედ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა იყო. პოლიციელებმა იცოდნენ, რომ ხელბორკილებს მედიის ადვოკატირების კოალიცია „ინდიგოს” ჟურნალისტს ადებდნენ. სწორედ ამიტომ მას ფოტოაპარატი წაართვეს და ტექნიკის დამტვრევით დაემუქრნენ.
დეტალები ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.