მტკვრის მარცხენა სანაპირო დაიბზარა - არსებობს გზის ჩავარდნის საფრთხე (ფოტოები)
მტკვრის მარცხენა სანაპიროს საავტომობილო გზის ცენტრალური ნაწილი დაზიანებულია - ასფალტის ერთი ნაწილი მეორე ნაწილისგან დაცილებულია და ჩაზნექილი.
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული მოაჯირის საძირკველი გზის ნაწილისგან დაშორებულია და როგორც მოაჯირის, ასევე გზის ჩანგრევის საფრთხე არსებობს.
ადგილობრივები "პირველებს" ეუბნებიან, რომ ტერიტორიაზე, სადაც ავტომობილები უწყვეტად გადაადგილდებიან, ბზარები რამდენიმე დღის წინ შეამჩნიეს და პირველი დღიდან მოყოლებული დღემდე ნაპრალები მნიშვნელოვნად გაზრდილია.
მოქალაქეების თქმით, გზის სავალი ნაწილზე არსებული პრობლემის შესახებ შესაბამის უწყებებს აცნობეს, თუმცა ტერიტორია ამ დრომდე არავის გადაუკეტავს.
ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. ახლა მოქალაქეებსაც უჭირთ იმ მხარეს სიარული, არიდებენ თავს. ტაქსიც იქით აჩერებს. იმ ეტაპზე არის მისული, რომ შეიძლება უკვე გადაინგრეს. გუშინდელზე ძალიან დიდად არის გაზრდილი და ამას თუ არ მიექცა, წაიღებს იმ სანაპიროს და გზაც მიჰყვება. საფრთხე დიდი არის. 5 დღეა ასეა. მოსახლეობამ მიმართა და მოახდინეს რეაგირება. შესწავლაზე იყო მოსული თბილისის მერიის სამსახური. მე მგონია, რომ გადაკეტილი უნდა იყოს იმიტომ, რომ საშიშია. დარბიან კიდეც დილით მოქალაქეები. დღეს ჩემი მეგობარი სავარჯიშოდ აღარ გასულა იმიტომ, რომ არის საშიშროება უცებ ჩაინგრეს. წარმოიდგინეთ, ხვალ დილით შეიძლება უკვე ჩანგრეული იყოს", - ამბობს ადგილობრივი.