"პოლიციამ, სავარაუდოდ, ცემა აქციის მონაწილე და სავარაუდოდ, განყოფილებაში წაიყვანეს. მთელს რუსთაველზე სისხლია მონთხეული" - მოქალაქე

08.04.25 00:15
"პოლიციამ, სავარაუდოდ, ცემა აქციის მონაწილე და სავარაუდოდ, განყოფილებაში წაიყვანეს. მთელს რუსთაველზე სისხლია მონთხეული" - მოქალაქე

მოქალაქე თამუნა მიქიაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე, სავარაუდოდ, აქციის ერთ-ერთი მონაწილე სცემეს და დააპატიმრეს.

თამუნა მიქიაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოსაც ავრცელებს, რომლითაც ირკვევა, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე, პარლამენტთან სისხლის კვალია დატოვებული. 

პოლიციამ, სავარაუდოდ, ცემა აქციის მონაწილე. ნაცემი ადამიანი, სავარაუდოდ, წაიყვანეს განყოფილებაში. მთელს რუსთაველზე სისხლია მონთხეული და მთავრდება პოლიციის მანქანებთან. ახლაც სავსეა მოძალადე კრიმპოლით. ფაქტზე დავრეკე 112-ში და ვნახოთ აბა თუ მოვლენ. ნიშანდობლივია 9 აპრილს რუსების მიერ სისხლით მორწყული რუსთაველი. ამჯერად ჩვენი მილიციის მიერ", - წერს აქციის მონაწილე.

საკანონმდებლო ორგანოსთან სისხლის კვალი "ტვ პირველის" გადამღებმა ჯგუფმაც აღმოაჩინა, თუმცა უცნობია, ვის ეკუთვნის ის.  

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე სიტუაცია დაიძაბული იყო - ადგილზე მობილიზებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით სამი ადამიანი დააკავეს. 

დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების ცნობით, ვახო გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა ხელბორკილები ვატო სამხარაძეს, თაზო კვესელავას და რეზი დუმბაძეს დაადეს. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს. პოლიციელები აქტივისტებს საავტომობილო ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ, რასაც უკმაყოფილება მოყვა და საბოლოოდ, დაკავებებით დასრულდა.

მოქალაქეები "პირველებთან" ამბობენ, რომ დაკავებების სერიის განახლება დიდ პროტესტს უკავშირდება, რომელსაც სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და რიგითი მოქალაქეები 8-9 აპრილს გამართავენ. 

მსგავსი სიახლეები