პროკურატურა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გირაოსთან ერთად საზღვრის კვეთის აკრძალვის დაწესებასაც ითხოვს

08.04.25 10:48
პროკურატურა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გირაოსთან ერთად საზღვრის კვეთის აკრძალვის დაწესებასაც ითხოვს

პროკურატურა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ პროკურატურა 20 000-ლარიან გირაოსთან ერთად საზღვრის კვეთის აკრძალვის დაწესებასაც ითხოვს.

ამის შესახებ შუამდგომლობა პროკურორმა ნათია თათიაშვილმა სასამრთლო პროცესზე დააყენა. 

თათიაშვილი ირწმუნება, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს.

ასევე, პროკურორის განმარტებით, ოქრუაშვილისთვის კანონთან კონფლიქტში ყოფნა პირველი არ არის, ის წარსულში ნასამართლევია და ამასთან, ახლაც მიმდინარეობს მის წინააღმდეგ საქმის წარმოება.

პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა აღნიშნა, ოქრუაშვილის მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არ არსებობს. როგორც ადვოკატი განმარტავს, ის იმ საქმეზეც კი, სადაც დიდი სასჯელი ემუქრებოდა, არ მიმალულა, საქართველოში არ იმყოფებოდა და ჩამოვიდა, შესაბამისად, ამ საქმეზე, რომელიც სასჯელის სახით არასაპატიმრო სანქციასაც ითვალისწინებს, ოქრუაშვილის მხრიდან მიმალვის საფრთხე გამორიცხულია.

ამასთან, ჭაბაშვილი აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიაზე ოქრუაშვილის არ მისვლა სამოქალაქო პოზიციაა და არა დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილება.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სხდომაზე ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელებენ.

  • ოქრუაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

მსგავსი სიახლეები