ერთ კვირაში "ოცნება" ნებართვის გარეშე ადამიანების უსასყიდლო დახმარებას აკრძალავს - საბა ბრაჭველი

08.04.25 14:18
ერთ კვირაში "ოცნება" ნებართვის გარეშე ადამიანების უსასყიდლო დახმარებას აკრძალავს - საბა ბრაჭველი

იურისტი საბა ბრაჭველი "ქართული ოცნების" მიერ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ "ერთ კვირაში ოცნება ნებართვის გარეშე ადამიანების უსასყიდლო დახმარებას აკრძალავს"

ბრაჭველის თქმით, ოცნება" ამით დაფინანსებას გადაუკეტავს ყველა ორგანიზაციას, რომელიც ადამიანის უფლებებზე, კორუფციაზე ან სხვა სიკეთეზე მუშაობს, მათ შორის მედიას. 

 ტოტალური ცენზურა დაწესდება ყველგან, სადაც გრანტები გაიცემა - ამბობს ბრაჭველი. 

"პაპუაშვილი გრანტების კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დონორების შეზღუდვად ასაღებს. სინამდვილეში, ამით ქართველ ხალხს ეკრძალება უსასყიდლო დახმარების მიღება. მაგალითად, აქამდე ნებისმიერ სამართლებრივ პრობლემაზე შეგეძლო რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მიმართვა, სადაც პროფესიონალები უფასოდ გადაგყვებოდნენ თან, სარჩელსაც დაგიწერდნენ და შეიძლება სასამართლოშიც დაეცვათ შენი ინტერესები. ათიოდე დღეში მთავრობა გადაუწყვეტს გაეროს, ევროსაბჭოს და სხვებს, ვის მისცენ გრანტი და ვის არა. "ოცნება" ამით დაფინანსებას გადაუკეტავს ყველა არამაამებელ ორგანიზაციას, რომელიც ადამიანის უფლებებზე, კორუფციაზე ან სხვა სიკეთეზე მუშაობს.

"ოცნება" ამ გზით დახურვას აიძულებს ყველა მედიას, ვინც ბედავს და მოწამლული რძის მსგავს კორუფციას აშუქებს. ამ ცვლილების შემდეგ, თუ საკარმიდამო დავა გექნება, მიწის დაკანონების წესის გარკვევა მოგინდება, დამსაქმებელი ხელფასზე გადაგაგდებს, ან პოლიციელი დაგჩაგრავს - უფასო სერვისის მიღების ნაცვლად, ან კერძო ადვოკატის აყვანა და უამრავი ფულის დახარჯვა დაგჭირდება, ან მოგიწევს, რომ ჩაგვრა გადაყლაპო. და ეს არ იქნება მხოლოდ იურიდიულ სფეროში - ტოტალური ცენზურა დაწესდება ყველგან, სადაც გრანტები გაიცემა. ეს არის ამ ცვლილების არსი - ქართველი ხალხისთვის ამკრძალავი ფილტრის დაყენება - რა უსასყიდლო დახმარების მიღება შეიძლება ხალხისთვის, ვისგან, და რა პირობებით. ერთ კვირაში ოცნება ნებართვის გარეშე ადამიანების უსასყიდლო დახმარებას აკრძალავს". 

"ქართული ოცნება" გრანტების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას დაჩქარებული წესით იწყებს - ცვლილებების თანახმად, ნებისმიერი უცხოური ორგანიზაცია ვალდებული ხდება,  ვიდრე საქართველოში რომელიმე ორგანიზაციას ხალხის დასახმარებლად ფულს გამოუყოფს, ნებართვა ივანიშვილის რეჟიმისგან აიღოს. მაგალითად, თუ ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ მისცეს დაფინანსება ახალგაზრდა იურისტებს, რომ მათ უფასო იურდიული დახმარება აღმოუჩინონ ადამიანებს ვინც უსამართლოდ დააკავეს, საქმე შეუკერეს ან ჩაგრავენ, თუ კობახიძე თანხმობას არ გასცემს,  დახმარების პროექტი ვერ დაიწყება. თუ ქალთა უფლებების დასაცავად, ვინც ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, დახმარებას გამოყოფს ევროპული რომელიმე ფონდი, ამისთვისაც ჯერ თანხმობა მთავრობამ უნდა გასცეს.

მსგავსი სიახლეები