ლალისყურში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორება - ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
ლალისყურში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორება - თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორმაგ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
თაზო წიქარაძეს, რომელსაც გამოძება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას ედავებოდა, 19 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 24 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორ პირს ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე დაზარალებული გარდაიცვალა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში - ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.