ფოტო მარცხენა სანაპიროდან - რას ამბობენ მერიაში?

08.04.25 16:11
ფოტო მარცხენა სანაპიროდან -  რას ამბობენ მერიაში?

თბილისის მერიაში სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე კომენტარს აკეთებენ და აცხადებენ, რომ მარცხენა სანაპიროზე გზა არ ჩანგრეულა.

კალაძის უწყებაში აღნიშნავენ, რომ ადგილზე  სამუშაოები მიმდინარეობს.

სოციალურ ქსელში მარცხენა სანაპიროზე გადაღებული ფოტო ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

რესტორან „გაგრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალ ნაწილზე ბზარები მოსახლეობამ რამდენიმე დღის წინ შენიშნა.

მერიაში განაცხადეს, რომ საჭიროა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება.

"ნაპირსამაგრ ჯებირსა და გზის სავალ ნაწილზე ბზარების გაჩენისთანავე, თბილისის მერიამ მოახდინა მყისიერი რეაგირება, შესაბამისი განცხადებით საზოგადოებას ვაცნობეთ კონკრეტულ საგზაო მონაკვეთზე შეზღუდვის დაწესების შესახებ.

გუშინვე, როგორც საფეხმავლო, ისე ტრანსპორტისთვის განკუთვნილ მარჯვენა ზოლზე მოეწყო უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე, გუშინ დაიწყო შესაბამისი კვლევების ჩატარება და ტექნიკური დავალების დამუშავება ნაპირსამაგრი ჯებირის პროექტირებისთვის.

როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს ჩამოიშალა დაზიანებული ჯებირი, რომლის აღსადგენად საჭირო პროცედურები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაწყებულია. ამ ეტაპზე, ყველა შესაბამისი ზომა მიღებულია, გზის შეუზღუდავ ნაწილზე გადაადგილება არის სრულიად უსაფრთხო.
დამატებით ინფორმაციას ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით." აცხადებს მერია.

მსგავსი სიახლეები