"დამოუკიდებელი მედიის გარეშე იქნება სიბნელე" - ფილარმონიასთან მედიის წარმომადგენლები იკრიბებიან
ფილარმონიასთან ამ წუთებში თავისუფალი მედიის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან. ჟურნალისტები ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის გაქრობის მცდელობას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ კრიტიკული მედიის გარეშე სიბნელე იქნება.
შეკრებილები გეგმავენ, სოლიდარობის მარშით პარლამენტთან აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.
ქართულ მედიას უნახავს ბევრი რთული დრო. მგონია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია თავისუფალი მედიისთვის საქართველოში. იმედი მაქვს, რომ გაერთიანებული ძალისხმევით, სოლიდარობით ჩვენ ამ რთულ გზასაც გავივლით და საქართველოში გადარჩება დამოუკიდებელი მედია, იმიტომ, რომ დამოუკიდებელი მედიის გარეშე იქნება სიბნელე, ადმაიანები ვერ გაიგებენ სიმართლეს და იქნება ისე გადმოცემული, როგორც ეს მთავრობას სურს და ამის დაშვება წარმოუდგენელია, - ამბობს ლიკა ზაკაშვილი.
"ფორმულას" ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე "ოცნების" გადაწყვეტილებას, შეზღუდოს თავისუფალი მედია, "ლეგალიზებული დიქტატურის ჩამოყალიბებას უწოდებს". თარგამაძე დარწმუნებულია, რომ ამას არავინ დაუშვებს.
ასე გაცხადებულად, საკანონმდებლო დონეზე რომ გამოცხადებულიყო, რომ არც თავისუფალი მედია გვინდა, არც კრიტიკული სიტყვა, არც განსხვავებული აზრი, ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება. ლეგალიზებული დიქტატურის ჩამოყალიბების მცდელობაა საქართველოში. ასე მხნედ და ომახიანად იმიტომ გელაპარაკებით, რომ დარწმუნებული ვარ, ეს ვერ რეალიზდება. გამორიცხულია. ქვეყანაში, რომლის დამოუკიდებლობასაც სათავედ დაუდეს ისეთმა ადამიანებმა, როგორიც იყო ზვიადი, მერაბი, ის პოლიტიკური კლასი, იმის შემდეგ, ძალიან ბევრი თავდადეული ქართველი, რომელმაც იომა, იბრძოლა, იშიმშილა, გაუძლო ამ ყველაფერს და დამოუკიდებელი საქართველო დღემდე მოიტანა, შობა და აღზარდა ისეთი თაობა, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ, გამორიცხულია, რომ ღმერთმა გაგვწიროს და გამორიცხულია, რომ ჩვენ დავნებდეთ, - ამბობს "ფორმულას" ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე.
შეგახსენებთ, რომ მოვლენების ეპიცენტრი დღეს 9 აპრილის მემორიალია. სინდისის პატიმრების მშობლები ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპს რეჟიმის წინააღმდეგ სწორედ ამ სიმბოლური ადგილიდან დაიწყებენ. ღამეს გაათენებენ და პატივს მიაგებენ 9 აპრილის გმირებს. რეჟიმის ტყვეების მშბლები ამბობენ, რომ "ოცნების" ლიდერებს მემორიალთან მიახლოების უფლებას არ მისცემენ, რადგან მათ ამის მორალური უფლება არ აქვთ.
დედებთან ერთად იდგება ყველა, ვინც რეჟიმის რეპრესიებთან შეგუებას არ აპირებს. მათ შორის თავისუფალი და დამოუკიდებელი ჟურნალისტები.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას ჩართვაში.