ჩვენ ვარსებობთ და ვიარსებებთ კიდევ დიდხანს, როგორც არ უნდა უნდოდეს ოლიგარქის რეჟიმს-მაკა ჩიხლაძე
ფილარმონიასთან ამ წუთებში თავისუფალი მედიის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან. ჟურნალისტები ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის გაქრობის მცდელობას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ კრიტიკული მედიის გარეშე სიბნელე იქნება.
„ტვ პირველის“ ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე ამბობს, რომ მათი პროტესტის მთავარი მიზანი, როგორც ჟურნალისტების ფიზიკური გადარჩენა, ასევე პროფესიის გადარჩენაცაა.
ჩიხლაძის თქმით, „ოცნების“ პარლამენტი მხოლოდ იმიტომ იკრიბება, რომ კანონები და შეზღუდვები მიიღონ, რომლის მთავარი მიზანია, “არ არსებობდეს მედია და არ ისმოდეს ჟურნალისტების ხმა.“
არაფერი ვიცით ჩემ საქმეზე ამ 4 თვის განმავლობაში რა გაკეთდა. 1 თვემდე ვადა იყო, როცა კაციტაძეს კითხვები დავუსვი, მან მითხრა, რომ ჯერ ძალიან ცოტა დრო გავიდაო და მაცადეთო. ვაცადეთ და გუშინ გახდა 4 თვე. მარტო ჩემი საქმე რომ იყოს პრობლემა, ძალიან მარტივად იქნებოდა საქმე, არც გურამ როგავას და არც არცეთ ჟურნალისტზე თავდასხმის შემთხვევაზე არაფერი ვიცით, სწორედ ეს არის პრობლემა, მაგიტომ ვართ ახლა აქ და სამწუხაროდ, არ მარტო მაგიტომ. რეალურად უნდა გადავრჩეთ არა მარტო ფიზიკურად, არამედ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი პროფესიაც, იმიტომ რომ პარლამენტში მხოლოდ იმის გამო იკრიბებიან, რომ კანონები და შეზღუდვები მიიღონ, რომლის მთავარი მიზანია, ჩვენ არ ვარსებობდეთ და ჩვენი ხმა არ ისმოდეს. ვიდრე გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი ხმა ისმოდეს, ყველას უნდა გავაგონოთ, რომ საქართველოში მედია არ აპირებს მოკვდეს, დადუმდეს, პირი ამოიკეროს. ჩვენ ვარსებობთ და ვიარსებებთ აუცილებლად კიდევ დიდხანს, რამდენადაც არ უნდა უნდოდეს ოლიგარქის რეჟიმს“, - განაცხადა მაკა ჩიხლაძემ.
შეგახსენებთ, რომ მოვლენების ეპიცენტრი დღეს 9 აპრილის მემორიალია. სინდისის პატიმრების მშობლები ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპს რეჟიმის წინააღმდეგ სწორედ ამ სიმბოლური ადგილიდან დაიწყებენ. ღამეს გაათენებენ და პატივს მიაგებენ 9 აპრილის გმირებს. რეჟიმის ტყვეების მშბლები ამბობენ, რომ "ოცნების" ლიდერებს მემორიალთან მიახლოების უფლებას არ მისცემენ, რადგან მათ ამის მორალური უფლება არ აქვთ.
დედებთან ერთად იდგება ყველა, ვინც რეჟიმის რეპრესიებთან შეგუებას არ აპირებს. მათ შორის თავისუფალი და დამოუკიდებელი ჟურნალისტები.