ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი, საყურესთან დაკავშირებით მეუბნებოდნენ-საბა სორდია დაკავების დეტალებზე
"ინდიგოს" რეპორტიორი, საბა სორდია, რომელიც მარჯანიშვილის მეტროსთან უკანონოდ დააკავეს, დაკავების დეტალებს კიდევ ერთხელ იხსენებს და ამბობს, რომ პოლიციელები მის სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათ შორის საყურის გამო ცდილობდნენ.
საბა გადაცემა “რეაქციაში“ ამბობს, რომ დაკავების დროს სამართალდამცველებმა არ იცოდნენ, რომ ის ჟურნალისტი იყო და შესაბამისად, აღნიშნულ დაკავებას მედიაზე ზეწოლის ფაქტად არ აღიქვამს.
გარეგანი დათვალიერების დროს, არასდროს ხდება სტანდარტების დაცვა. იწყებენ ვინაობის წარდგენის გარეშე.
რაც შეეხება ჩემს დაკავებას- მივაწოდე პირადობა, ჩანთის გახსნა დავიწყე, მაგრამ ერთ-ერთ პოლიციელს ჰქონდა პატარა ჯიბის გაჩხრეკის მცდელობა, რაზედაც შევეწინააღმდეგე. დაკავების მომენტში ჩამსვეს მანქანაში, სადაც ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი, საყურესთან დაკავშირებით მეუბნებოდნენ. დავუწყე მე სტანდარტებზე ლაპარაკი,-თქვა სორდიამ.
საბა სორდია 6 აპრილს მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიცია მას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავება, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
სორდია დღეს სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. ადმინისტრაციულ სამართადარღვევის საქმეზე გადაწყვეტილება 17 აპრილს გამოცხადდება.