ამ ქვეყანაში ხელისუფალი იყო ხალხი და მუდამ ასე იქნება, ისტორია ყველაფერს დაარქმევს სახელს-ნანა მახარაძე
ნანა მახარაძე, რომლის ფოტო 9 აპრილის ერთ-ერთი სიმბოლოა, ამბობს, რომ დღესაც ისევ იქ დგას, სადაც 36 წლის წინ იდგა.
მახარაძის თქმით, “მაშინდელი ბრძოლა გაცილებით იოლი იყო, რადგან ისინი ებრძოდნენ ყველაზე დიდ ტირანს“.
“ისტორია ყველაფერს დაარქმევს სახელს და ამას ქართველი ხალხის გამარჯვება ერქმევა“- ამბობს ნანა მახარაძე.
ისეთი ბედისწერა აქვს ჩვენ ქვეყანას, ვერცერთმა მმართველმა ამ ქვეყანაში ვერ გაიგო, რომ ძალადობით, ტერორით და დაშინებით, არაფერი გამოუვა. ძალაუფლება ხელისუფლებას არ ნიშნავს, ამ ქვეყანაში ხელისუფალი იყო ხალხი და მუდამ ასე იქნება. დიდება 9 აპრილს დაღუპულ გმირებს და სამარადისო ხსოვნა მათ.
როცა ვფიქრობ, მაშინდელი ბრძოლა გაცილებით იოლი იყო, რადგან ჩვენ ვებრძოდით ყველაზე დიდ ტირანს, დღეს ძალიან ვწუხვარ იმაზე, რომ ჩვენი ერი ასეთი დაყოფილია, აქ მდგომ ხალხს უწოდებენ უსამშობლოებს, გამოდის, რომ მეც ვარ რადიკალი უსამშობლო, თუმცა მე, რომელსაც მინდა, რომ ჩემი ქვეყნის დროშა ცივილური ქვეყნების გვერდით ფრიალებდეს, ქვეყანაში იყოს სამართლიანი სასამართლო, დაცული იყოს ადამიანის სიცოცხლის უფლება, დადიოდეს უფრო მეტი მომღიმარი ადამიანი, თუ ამ ყველაფერს უსამშობლობა ჰქვია, თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ. ისტორია ყველაფერს დაარქმევს სახელს და ამას ქართველი ხალხის გამარჯვება ერქმევა“, - განაცხადა ნანა მახარაძემ.