საბჭოთა ჯარის სადამსჯელო ღონისძიებას შეწირული 21 ადამიანის მსხვერპლს უკვალოდ არ ჩაუვლია - ომბუდსმენი

09.04.25 12:50
საბჭოთა ჯარის სადამსჯელო ღონისძიებას შეწირული 21 ადამიანის მსხვერპლს უკვალოდ არ ჩაუვლია - ომბუდსმენი

საბჭოთა ჯარის სადამსჯელო ღონისძიებას შეწირული 21 ადამიანის მსხვერპლს უკვალოდ არ ჩაუვლია - ასე ეხმაურება 9 აპრილის ტრაგედიას საქართველოს სახალხო დამცველი.

მადლობა მათ ჩვენი თავისუფლებისთვის - წერია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ სრულიად შეცვალა საქართველოს მომავალი. ამ დღემ მთელ ერს დაანახა, რომ მომავალი თაობების უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო თავისუფლებისთვის ბრძოლის განახლება.

საბჭოთა ჯარის სადამსჯელო ღონისძიებას შეწირული 21 ადამიანის მსხვერპლს უკვალოდ არ ჩაუვლია და უკვე 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აქტი მივიღეთ, 26 მაისს კი საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.

მადლობა მათ ჩვენი თავისუფლებისთვის"- წერია განცხადებაში. 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.