მუქარა ვასო ფხაკაძეზე - საგამოძიებო უწყება ამ დრომდე დუმს

09.04.25 17:32
მუქარა ვასო ფხაკაძეზე - საგამოძიებო უწყება ამ დრომდე დუმს

ვასო ფხაკაძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტიდან ერთი თვე გავიდა, თუმცა გაბიტაშვილის უწყებამ საქმე თაროზე შემოდო. იუმორისტის განცხადებით, ამ დრომდე არც გამოძიება დაწყებულა და არც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულა.

იუმორისტი ფიქრობს, რომ საქმის გამოუძიებლობა სწორედ იმას უკავშირდება, რომ ადამიანი, რომელიც მას ემუქრებოდა, ყოფილი ძალოვანია. 

უკვე სასაცილო გახდა, სიმართლე გითხრათ, იმიტომ, რომ ერთი თვე გავიდა, ფაქტობრივად, და კაციშვილი არ შეგვხმიანებია არც პროკურატურიდან, არც საგამოძიებო უწყებიდან, არც მე, არც ჩემს ადვოკატს - თორნიკეს. რისკი ახლაც არსებობს, რომ შეიძლება აქედან გახვიდე და ვიღაცა მოგიგზავნონ ისევ, რისკი ყოველთვის არსებობს მაგის, მაგრამ პოლიცია იმისთვის არსებობს, რომ ეს რისკი აღკვეთოს ხომ? დაინტერესდეს მაინც, რა იყო, როგორ იყო, ელემენტარული ხომ უნდა იკითხოს ვინ იყო, რა იყო, რატომ იყო. ამყარებს ამ ეჭვს ისიც, რომ რადგან ყოფილი პოლიციელია (არ ვიცი დღესაც პოლიციელი არის თუ არა) ალბათ მაგიტომ. ანდაზა ხომ არის - "ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო" - ამბობს ვასო ფხაკაძე.

ვასო ფხაკაძის ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ამბობს, რომ რისკი იმის, რომ იუმორისტს სადმე დახვდნენ და მასზე რაიმე სახის ზეწოლა განაორციელონ, ისევ არსებობს. ინტერესების დამცველის თქმით, საგამოძიებო უწყება მის ზარებს არ პასუხობდა, ბოლოს კი საერთოდ დაბლოკა. 

ერთი თვე არის გასული, რაც საჩივარი შეტანილი გვაქვს მუქარაზე, რომელიც მყისიერ რეაგირებას უნდა საჭიროებდეს და რომელიც უნდა იყოს რეალური. შეიძლება ნებისმიერ წამს ამ ადამიანს ან სახლთან დახვდნენ, ან სამსახურთან დახვდნენ, ან სადმე დახვდნენ და მასზე განახორციელონ რაიმე სახის ზემოქმედება, აი, ამაზე ასე რეაგირებს საგამოძიებო ორგანო.
 

არცერთ ჩემს ზარს რამდენიმე დღის შემდეგ აღარ პასუხობდა საგამოძიებო ორგანოს არც კანცელარია და არც რომელიმე თანამშრომელი, ასევე, ბოლოს ისე მოხდა, რომ ჩემი ნომერი დაბლოკეს, რომ მათთვის არ დამერეკა - თორნიკე მიგინეიშვილი
 

მუქარაში ფხაკაძე ყოფილ პოლიციელს ამხელს. ძალოვანს, რომელიც ჯერ იუმორისტის სახლში მივიდა, შემდეგ რამდენჯერმე დაურეკა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა. 

მსგავსი სიახლეები