საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს

09.04.25 21:37
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს

უეფას სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება ცნობილია - საქართველოს ნაკრები ეფას ეგიდით დაგეგმილ ერთ მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად,  დისკვალიფიკაცია ერთა ლიგის ახალი, 2026/2027 წლების სეზონის პირველ საშინაო მატჩზე გავრცელდება. ⁠⁠

მათივე ცნობით, სასჯელი არ ეხება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებსა და ფიფას საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებს.

უეფას კონტროლის, ეთიკისა და სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 9 აპრილს, ნიონში შედგა, 23 მარტს, საქართველო - სომხეთის მატჩის მიმდინარეობისას და თამაშის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტების შესახებ იმსჯელეს.

უეფას გადაწყვეტილებით, გულშემატკივართა მხრიდან მოედანზე შევარდნის, ლაზერული სანათებისა და პიროტექნიკის გამოყენებისთვის, აგრეთვე გასასვლელების ბლოკირებისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს.

აღნიშნული სასჯელი ეხება იმ გათამაშებებს, რომელზეც უეფას სადისციპლინო კომპეტენცია ვრცელდება. შესაბამისად, სასჯელი არ ვრცელდება ამხანაგურ მატჩებსა და 2025 წლის შემოდგომაზე გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს.

უეფას გადაწყვეტილება ასევე მოიცავს ორწლიან გამოსაცდელ ვადას. ორი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევების განმეორების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს კვლავ უმაყურებლოდ ითამაშებს." - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები