"დღევანდელი დღე გამარჯვების იყო, რადგან 9 აპრილის რეალური შინაარსი დავიცავით" - თავართქილაძე
"დღევანდელი დღე გამარჯვების იყო, რადგან 9 აპრილის რეალური შინაარსი დავიცავით" - ამის შესახებ რეჟისორმა გიორგი თავართქილაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საპროტესტო აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" წევრებს მისცემდნენ იმის საშუალებას, რომ "რუსული სისხლიანი ჩექმებით მემორიალთან ყვავილები მიეტანათ, მსოფლიოს თვალში გამოჩნდებოდა, რომ ქართველ ერს სძინავს".
ეს არის საფუძვლების შექმნა, რომელსაც ავალებს რუსეთი, კრემლი. ისეთივე საფუძვლის, როგორიც იყო ივანიშვილის ბოდიში, რომელმაც უნდა შეგვიქმნას რთული ვითარება საუბრებში. მოკლე ხანში, რამდენიმე დღის თავზე, თუ არ ვცდები გაეროში, რუსეთის წარმომადგენელმა თქვა, რომ ქართველები საუბრობენ, რომ მათ ბოდიში აქვთ მოსახდელიო. ეს განცხადებაც ემსახურება რუსულ ინტერესებს. 2023 წლის მარტს მკაფიოდ გამოჩნდა, რომ რეჟიმმა ჩამოიხსნა ყველანაირი ნიღაბი.
დღევანდელი დღე ჩემთვის იყო გამარჯვების, რადგან დავიცავით 9 აპრილის რეალური შინაარსი. თუ ჩვენ მივუშვებდით ფარისევლებს მემორიალთან და მიიტანდნენ რუსული სისხლიანი ჩექმებით იქ ყვავილებს, იქნებოდა თვალთმაქცობა და გამოჩნდებოდა, რომ ქართველ ერს სძინავს. თუმცა არ სძინავს ქართველ ერს". - განაცხადა გიორგი თავართქილაძემ.
რეჟიმის პატიმრების მშობლებმა თანამოაზრეებთან ერთად ღამე რუსთაველის გამზირზე გაათენეს. 04:00 საათზე, იმ დროს, როცა 1989 წლის 9 აპრილს რუსეთის ჯარმა რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევა დაიწყო, სანთლები დაანთეს და ილოცეს.
გათენების შემდეგ, რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებმა და პროევროპული აქციის მონაწილეებმა დღე 9 აპრილის მემორიალთან გაატარეს. მათ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს არ მისცეს საშუალება, რომ 9 აპრილის მემორიალთან მისულიყვნენ და ყვავილები მიეტანათ.