ნიკა კაციას საქმე - რას ამტკიცებდა დღეს სასამართლოში მოწმე პოლიციელი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა კაციას პროცესი დასრულდა - დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ის მოწმე პოლიციელი გამოიკითხა, რომელმაც პატაკი შეადგინა და რომლის საფუძველზეც სინდისის პატიმარი დააკავეს.
პოლიციელი პაატა მჭედლიშვილი სხდომათა დარბაზში ამტკიცებდა, რომ მისთვის სანდო წყაროსგან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნიკა კაცია ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარდა და ის ერთი ტერიტორიიდან მეორე ტერიტორიაზეც გადაჰქონდა.
პაატა მჭედლიშვილს კითხვები დღეს ნიკა კაციამაც დაუსვა. რეჟიმის ტყვემ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ის ფაქტი გაახსენა, როდესაც კაციას თქმით, წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოთავსების შემდეგ, პოლიციელი მის დამცირებაში იღებდა მონაწილეობას.
გახსოვთ, ჩემი ნათქვამის აღწერა მიდიოდა და თქვენ იცინოდით"... - ნიკა კაცია პოლიციელს.
"ვინ იცინოდა, არავის არ დაუცინია" - პაატა მჭედლიშვილი ნიკა კაციას.
პროცესიდან გამოსვლის შემდეგ "პირველებმა" პაატა მჭედლიშვილს კითხვები დაუსვა, თუმცა ყველა შეკითხვა მოწმე პოლიციელმა უპასუხოდ დატოვა.
რაც შეეხება ნიკა კაციას უფლებადამცველს, ადვოკატის თქმით, პაატა მჭედლიშვილს, პრაქტიკულად, არაფერი არ ახსოვდა, გარდა პატაკის შინაარსისა.
ამასთან, ნინო ლომინაძის განმარტებით, მოწმე პოლიციელმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ის ადამიანი, რომლისგანაც კაციას შესახებ ოპერატიული ინფორმაცია მიიღო, არც მისი კოლეგა და არც ოფიციალური პირია.
პრაქტიკულად, არაფერი არ ახსოვდა, გარდა პატაკის შინაარსისა. ასევე ჩვენ მიერ კითხვები იქნა დასმული, თუ რატომ არ იყო დოკუმენტზე ნომერი მინიჭებული და შედიოდა თუ არა მის ვალდებულებაში, რომ დოკუმენტის შედგენისას დოკუმენტს მიენიჭოს ნომერი. მან განაცხადა, რომ არ იცოდა, ჰქონდა თუ არა ვალდებულება. შესაბამისად, მოგეხსენებათ, პოლიციელის მხრიდან უფლებამოვალეობის არ ცოდნის შემთხვევაში, მისი სანდოობის სტანდარტი დაბალი არის. ასევე განმარტა, რომ ინფორმაცია საიდანაც და ვისგანაც მიიღო, არ არის თანამშრომელი, არ არის ოფიციალური პირი და იცის მხოლოდ მან". - განაცხადა ნინო ლომინაძემ.
შეგახსენებთ, რომ ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას რეჟიმი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავებიან. ბრალი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.