თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღიდან დირექტორები გაუშვეს - რას უკავშირდება საკადრო წმენდა?

თბილისის 4 საბავშვო ბაღიდან დირექტორები გაუშვეს. ოფიციალური მიზეზი მონიტორინგის მოულოდნელი შემოწმებაა, თუმცა "პირველებს" უყვებიან, რომ უსამსახუროდ დარჩენა იმ დირექტორებს შეეხო, ვინც თანამშრომლებს არ ავალდებულებს, "ქართული ოცნების" პარტიულ გულშემატკივრებად იქცნენ.
მსგავსი მონიტორინგი ბაგა-ბაღებში პერიოდულად ტარდება, თუმცა ჯერ არ ყოფილა, რომ ამას დირექტორების თანამდებობიდან გაშვება მოჰყოლოდა.
"პირველები" N1 საჯარო ბაღში მივიდა, რომლის დირექტორს, ნათია ტუსიაშვილს ამ პოსტზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ადგილზე გვიდასტურებენ, რომ ტუსიაშვილი სამსახურიდან იქნა გათავისუფლებული.
ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც ტუსიაშვილის მოადგილე იყო, ამბობს, რომ არ იცის, რატომ გაათავისუფლეს დირექტორი პოზიციიდან.
მონიტორინგი შემოვიდა 2 აპრილს, გათავისუფლების ბრძანება მოვიდა 8 აპრილიდან და რა მოხდა არ ვიცი. ველოდებით სააგენტოს დასკვნას,- ამბობს ტუსიაშვილის მოადგილე.
პოზიციიდან გათაათავისუფლეს 38 საჯარო ბაღის დირექტორიც. "პირველები" მიზეზის გარკვევას აქაც შეეცადა. მზეო ალანიას პოზიციიდან გათავისუფლებას აქაც ადასტურებენ და ამ შემთხვევაშიც, დირექტორის მოვალეობის მისი მოადგილე ასრულებს. ბაღში დამატებით განმარტებებს არ აკეთებენ.
დირექტორები გაათავისუფლეს 28 და 17 ბაგა-ბაღებშიც.
"პირველებმა" სთხოვა საბავშვო ბაღების სააგენტოს, მოეწოდებინათ დასკვნა, რის საფუძველზე მოხდა აღნიშნული პირების სამსახურიდან გაშვება, თუმცა ამ ეტაპისთვის ეს დასკვნა ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის.