გადაწყვეტილება მაღლა იქნა მიღებული და ამაში ვასიკო მაღლაფერიძის ხელი ურევია - ნინო ზაუტაშვილი

"ეს, ალბათ, თინა ბერძენიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ იყო, გაცილებით მაღლა იქნა გადაწყვეტილება მიღებული და ამაში ვასიკო მაღლაფერიძის ხელი ურევია" - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებულმა ნინო ზაუტაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისივე შეფასებით, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჟურნალისტების სამსახურიდან დათხოვნა სადამსჯელო ღონისძიება იყო, რაც პირველი არხის დირექტორთა საბჭომ ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ ივანონ-ჩიქოვანის წინააღმდეგ საზმაუს მენეჯმენტის ხმამაღლა კრიტიკის პასუხად განახორციელა.
ეს, ალბათ, თინა ბერძენიშვილის მიღებული გადაწყვეტილება არ იყო. გაცილებით მაღლა იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. ვასიკო მაღლაფერიძის ხელი ამ ყველაფერში რომ ურევია, ეს არის ჩემთვის დღესავით ნათელი...
წინა ბორდის სხდომაზე, რომელზეც მე მქონდა როგორც პროფკავშირის თავმჯდომარეს გაგზავნილი მოთხოვნა, რომ ხუთი თანამშრომელი დავესწრებოდით, რადგან კითხვები გვქონდა დასასმელი, მიღება დაგვიდასტურეს, მაგრამ უცებ შეწყვიტა ვასილ მაღლაფერიძემ ბორდის სხდომა. ჩვენ შევედით შენობაში, რადგან საშვი დაშვებული იყო და იქ, რაც მოხდა, საზოგადოებამ ნახა. ფაქტობრივად, იმიტომ, რომ მათ პასუხები არ ექნებოდათ სავარაუდო შეკითხვებზე, ამის გამო ბორდის სხდომა ჩაიშალა. იმ დღესვე მივწერე მე და მოვთხოვე, რომ ხელახლა დანიშნულიყო ბორდის სხდომა, რადგან კითხვები, რომლებიც უნდა დასმულიყო, სამწუხაროდ, ვერ დავსვით.
ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მოყვა ჩვენი დასჯა. მე და ვასილი გაგვიშვეს სამსახურიდან. მინდა ვუთხრა ქალბატონ თინათინს, რომ იმაზე თავისუფალი, ვიდრე ახლა ვარ, არ ვყოფილვარ ცხოვრებაში. ხოლო მას რაც შეეხება, არის ტყვე..." - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.
ცნობისთვის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს. ჟურნალისტებს გათავისუფლების მიზეზად დისციპლინარული მოკვლევა დაუსახელეს.
- ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ის ჟურნალისტები არიან, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელ მენეჯმენტს ხმამაღლა აკრიტიკებდნენ.