თემურ ჩხეიძის ლიკვიდირებულ სახელოსნოს "ახალი თეატრი" და "თეატრი სახელოსნო 42" სოლიდარობას უცხადებენ
თემურ ჩხეიძის ლიკვიდირებულ სახელოსნოს თეატრები სოლიდარობას უცხადებენ. ერთმა ხელმოწერით დახურულმა ხელოვანების სამჭედლომ სფეროს წარმომადგენლების ახალი მიზნის გარშემო გაერთიანება გამოიწვია.
- თავისუფალი შემოქმედებითი სივრცის ლიკვიდაციას ხელი კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მოაწერა
განცხადებები გაავრცელეს ვასო აბაშიძის სახლობის თეატრმა და სახელოსნო 42-მა.
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი სოლიდარობას უცხადებს თემურ ჩხეიძის სახელოსნოს და მის ყველა კურსდამთავრებულს!
ვთვლით, რომ თემურ ჩხეიძის სახელოსნოს არსებობა უმნიშვნელოვანესი იყო ქართული თეატრის განვითარებისთვის, თავისუფალი სიტყვის და აზრის გამოხატვისთვის!
დიდი მაესტროს გარდაცვალების შემდეგ სწორედ ეს სახელოსნო სახელოვნად აგრძელებდა იმ მეთოდის დანერგვას, რომელმაც წარუშლელი კვალი დაამჩნია დღევანდელ ქართული თეატრს!
გვჯერა, რომ პროფესიონალები და თეატრის მოყვარულები გავერთიანდებით, რათა მომავალ თაობას შევუნარჩუნოთ თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი (თემურ ჩხეიძის სახელოსნო)
გვიგულეთ თქვენს გვერდით!- ნათქვამია ვასო აბაშიძის თეატრის განცხადებაში.
თეატრი სახელოსნო 42 სოლიდარობას უცხადებს თემურ ჩხეიძის სახელოსნოს!
თემურ ჩხეიძის სახელოსნო 2014 წელს დაარსდა ბატონი თემურის ინიციატივით. მისი მიზანი იყო თავისუფალი შემოქმედებითი სივრცის შექმნა ახალგაზრდა დრამატურგებისა და რეჟისორებისთვის.
მისი არსებობა ერთ-ერთი იშვიათი მაგალითი იყო რეალური კულტურული ინიციატივისა - ინიციატივისა, რომელიც სისტემის გარეთ იბადება და იდეალებს ეფუძნება.
სწორედ ამ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელოსნო დღეს გაუქმდა. ეს არ არის მხოლოდ ერთი შემოქმედებითი ცენტრის დახურვა - ეს არის სიგნალი.
სახელოსნო 42 სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში ამ სივრცეს ქმნიდა და ვინც დღეს დაკარგა არა უბრალოდ ფიზიკური ადგილი, არამედ კულტურული სუნთქვის შესაძლებლობა.
გვწამს, რომ სოლიდარობას აქვს ძალა და როცა საქმე ეხება თავისუფალ ხელოვნებას, თავისუფალ აზრსა და სიტყვის თავისუფლებას - გავერთიანდებით თემურ ჩხეიძის სახელოსნოს ირგვლივ.
რადგან ეს არის სივრცე, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ - სახელოვნებო მეხსიერებისთვის, მომავალი თაობებისთვის და ჩვენი ყველას ღირსებისთვის", - ნათქვამია სახელოსნო 42-ის მიერ გავცრელებულ განცხადებაში.
რეჟისორ თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს. თავისუფალი შემოქმედებითი სივრცის ლიკვიდაციას ხელი კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მოაწერა. ეს სწორედ ის სივრცეა, რომელიც დამწყებ დრამატურგებს უნიკალურ შანსს აძლევდა, ესწავლათ საკუთარი საქმე უფასოდ.
თემურ ჩხეიძის სახელოსნო დაფინანსებას კულტურის სამინისტროსგან იღებდა, თუმცა, ირკვევა, რომ 21 თებერვალს, სასარაფო წესით, სახელოსნოს გამგეობაში სამი ახალი წევრი დანიშნეს, შემდეგ კი პირველივე სხდომაზე - ლიკვიდაცია გამოაცხადეს.