საზმაუდან თანამშრომლების გათავისუფლება რეპრესიების გაგრძელებაა - ანდღულაძე

12.04.25 13:25
საზმაუდან თანამშრომლების გათავისუფლება რეპრესიების გაგრძელებაა - ანდღულაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის გათავისუფლებას მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე, მამუკა ანდღულაძე რეპრესიების გაგრძელებად აფასებს. 

მამუკა ანდღულაძე ფიქრობს, რომ მრავალწლიანი სტაჟის მქონე თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა და ჟურნალისტებზე თავდასხმა ემსახურება მიზანს, რომ კრიტიკულმა მედიამ ფუნქციონირება შეწყვიტოს და საქართველოს მოქალაქეები ინფორმაციულ ვაკუუმში მოექცნენ. 

ეს არის "ქართული ოცნების" ლოიალური საბჭოს წევრების და თანამშრომლების მიერ პარტიული გაგრძელება. რასაც დანარჩენ ქვეყანას უკეთებენ, რომ აშინებენ და ემუქრებიან, ანალოგიური მეთოდები აქვთ. ეს არის ცალსახად უკანონო გადაწყვეტილება, როგორც გათავისუფლებული ჟურნალისტების, ასევე გაფრთხილებული ჟურნალისტების მიმართ. ეს არის რეპრესიების გაგრძელება, რომლის მიზანიც არის ის, რომ საზოგადოებამ არ გაიგოს, ქვეყანაში რა ხდება. ჟურნალისტებზე თავდასხმის მთავარი მიზანი არის ხელის შეშლა, რომ მედიამ არ გააშუქოს, ამხილოს სისტემა ღალატში, უკანონო დანაშაულში და მოქალაქემ არ გაიგოს ქვეყანაში რეალურად რა ხდება". - განაცხადა მამუკა ანდღულაძემ. 

ცნობისთვის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს. ჟურნალისტებს შესაბამისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გააცნო.

  • ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ის ჟურნალისტები არიან, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელ მენეჯმენტს ხმამაღლა აკრიტიკებდნენ.