ვაპირებთ, რომ ერთგვარი სამართლებრივი პროცესის იმიტაციას სამართლებრივად გავცეთ პასუხი - ჩიქოვანი
პირველი არხის ისტორიულ შენობასთან გაკეთებული საგანგებო განცხადების დროს ადგილზე იმყოფებოდა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანიც, რომელსაც სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გუშინ, 11 აპრილს აცნობა.
მრავალწლიანი სტაჟის მქონე ჟურნალისტი, ნინო ზაუტაშვილის მსგავსად, სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს.
ვაპირებთ, რომ იმ ერთგვარი სამართლებრივი პროცესის იმიტაციას მართლაც სამართლიანად და სამართლებრივად გავცეთ პასუხი. ვერ ვიტყვი, რომ მაქვს ამის იმედი, რომ ქართულ სასამართლოში სამართალს ვიპოვით, თუმცა ამ სამართლებრივ გზას აუცილებლად გამოვიყენებთ. სამწუხარო რეალობა არის, რომ 100 მილიონის დახარჯვის შემდეგ საზმაუსთვის პრიორიტეტი არის გასართობი კონტენტი და არა აქტუალური, სიღრმისეული მსჯელობა ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე, რომელიც ეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო, არის და იქნება, რომ გაიხსნას ღია ეთერი, მოეწყოს ფართო დისკუსია მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე". - განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გუშინ, 11 აპრილს გაათავისუფლეს. ჟურნალისტებს შესაბამისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გააცნო.
- ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ის ჟურნალისტები არიან, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელ მენეჯმენტს ხმამაღლა აკრიტიკებდნენ.
ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ პირველი არხის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს ტელევიზიიდან გათავისუფლების მოთხოვნით თეა კახიანმა მიმართა. თეა კახიანი განცხადების შინაარს სოციალურ ქსელში ავრცელებს. ასევე, კახიანი წერს, რომ არხი დავით ველიჯანაშვილმაც დატოვა.
საყურადღებოა ისიც, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შრომითი კონტრაქტი არ გაუგრძელა რადიოგადაცემების "შუადღის პიკისა" და "საღამოს პიკის" პროდიუსერის ასისტენტს, ანა მეტრეველს.