სარჩელი უკვე მზად არის "ტვ იმედის" და საზმაუს მენეჯმენტის წინააღმდეგ - ზაუტაშვილი
პირველი არხიდან გათავისუფლებულმა ჟურნალისტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი მენეჯმენტის წინააღმდეგ სარჩელი უკვე მოამზადეს - როგორც ნინო ზაუტაშვილი "პირველებთან" ამბობს, საზმაუს ყოფილი თანამშრომლები გეგმავენ, რომ სასამართლოში სარჩელი ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგაც შეიტანონ.
"ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე" - აანონსებს ნინო ზაუტაშვილი, რომელიც საზმაუდან გუშინ, 11 აპრილს გაათავისუფლეს.
უსამართლობა არ შეიძლება დაკანონდეს, უბრალოდ გამორიცხულია. ის, რაც მოხდა, იმიტომ არა, რომ მე დავტოვე სამსახური, ვასკამ დატოვა სამსახური, ამაზე არ არის ლაპარაკი. ლაპარაკია სამართლიანობის აღდგენაზე. ყველაფერს გავაკეთებთ. სარჩელი უკვე მზად არის არამარტო ტელეკომპანია "იმედის" მიმართ, რომელიც უკვე გამზადებული გვაქვს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წინააღმდეგ. სარჩელი უკვე გამზადებულია. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩვენ ვფიქრობდით იმაზე, რომ საზოგადოებას მეტი დრო დათმობოდა საზმაუზე. ამის ვალდებულება ჩვენ კანონით გვაქვს აღებული. ბოლომდე უნდა გავაკეთოთ ამისთვის ყველაფერი. არასამართლებრივად, სრულიად უსახურად, კანონის დარღვევით მოხდა ჩვენი გათავისუფლება". - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.
ცნობისთვის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გუშინ, 11 აპრილს გაათავისუფლეს. ჟურნალისტებს შესაბამისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გააცნო.
- ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ის ჟურნალისტები არიან, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელ მენეჯმენტს ხმამაღლა აკრიტიკებდნენ.
ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ პირველი არხის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს ტელევიზიიდან გათავისუფლების მოთხოვნით თეა კახიანმა მიმართა. თეა კახიანი განცხადების შინაარს სოციალურ ქსელში ავრცელებს. ასევე, კახიანი წერს, რომ არხი დავით ველიჯანაშვილმაც დატოვა.
საყურადღებოა ისიც, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შრომითი კონტრაქტი არ გაუგრძელა რადიოგადაცემების "შუადღის პიკისა" და "საღამოს პიკის" პროდიუსერის ასისტენტს, ანა მეტრეველს.